თენგიზ ფხალაძე – ესტონეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის დემონსტრირებაა

ესტონეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის დემონსტრირებაა, – ამის შესახებ ჟურნალიტებს საგარეო ურთიერთობებათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ტოომას ჰენდრიკ ილვესის თბილისში ვიზიტის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, ესტონეთი საქართველოსთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოდ ტრანსფორმაციის უნიკალური მაგალითია.

“ესტონეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი ესტონეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. სახელმწიფო, რომელიც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და იმ რეფორმებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს. რაც ყველაზე მთავარია, ესტონეთი არის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოდან წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფომდე ტრანსფორმაციის მართლაც უნიკალური მაგალითი. ასე რომ, მისი გამოცდილება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და გასაზიარებელია”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

რაც შეეხება ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას, მისი განმარტებით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება იქნება.
“ასევე საუბარი შეეხება ესტონეთის დახმარებას ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგისა და რიგის სამიტის გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესში. ამასთან, განხილული იქნება უსაფრთხოების თემები და ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აწუხებს. ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის საქართველოსადმი ესტონეთის მხარდაჭერის კიდევ ერთ დემონსტრირებას წარმოადგენს”, – აღნიშნა ფხალაძემ.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ესტუმრა
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაისში ვიზიტორების რაოდენობა 14,7 %-ით გაიზარდა