„თელასმა“ 2015 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია „თელასმა“ 657,6 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,9% (47,9 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2014 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (609,7 მილიონი კვტ*სთ).

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკური აქტივობის და მომხმარებელთა რაოდენობის 3,3% (17,7 ათასით) ზრდამ გამოიწვია.

2015 წლის იანვარ-მარტში 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6,8%-ით (39,4 მილიონი კვტ*სთ-ით) მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა და 620,4 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირებამ განაპირობა.

2015 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 654 კმ შეადგინა, რაც 5,9%-ით (260 კმ-ით) აღემატება 2014 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (4 394 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის განაწილებას ახორციელებს. კომპანია ელექტროენერგიას 500 ათასზე მეტ მომხმარებელს აწვდის. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაოს” შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაოს” მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაოს” სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაოს” ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი დააკავეს
შემდეგი სტატიაგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია