“თელასის” ტარიფის წინასწარი განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

სემეკ-ში “თელასის” ტარიფთან დაკავშირებით მორიგი წინასწარი განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სემეკ-ის წარმომადგენელმა “თელასის” კაპიტალური დანახარჯების შესახებ სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გამართა, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, “თელასს” კაპიტალური დანახარჯების ოდენობად 36 მილიონ ლარზე მეტი განუსაზღვრა. ამის შემდეგ საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სხდომაზე სიტყვა ითხოვა “ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, რომელმაც თავდაპირველად უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს არ განიხილავენ ტარიფის შესყიდვის ნაწილს, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაანონსებული. ბაღათურიას თქმით, იგი სწორედ ამ კომპონენტთან დაკავშირებით იყო მომზადებული.
ამასთან, როგორც სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ განმარტა, გარდაბნის თბოელექტროსადგურმა კომისიას ლიცენზიის საკითხთან დაკავშირებით მიმართა, რაც შეცვლიდა შესყიდვის კომპონენტს. შესაბამისად, ამ კომპონენტის განხილვა გაიმართება მომდევნო სხდომაზე.
ამის შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ “თელასის” პრივატიზაცია მოხდა სრულიად უკანონოდ, ის თავის დროზე 25 მილიონად გაიყიდა, როცა მისი ღირებულება 400 მილიონზე მეტი იყო. ამასთან, ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა, თუ რატომ არ აისახა ტარიფის გაანგარიშების დროს მოსახლეობის ის დავალიანება, რომელიც მათ “თელასის” მიმართ ჰქონდა.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, ეს შეადგენდა 600 თუ 800 მილიონს, “რომელიც “თელასმა” გაჭირვებული ოჯახებიდან ცრემლისა და სისხლის ფასად ამოიღო”.
ბაღათურიამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს მიმართა, თუ რატომ არ ჩანს ეს 800 მილიონი არსად, რადგან ის ტვირთს შეამსუბუქებდა.
სემეკ-ის წარმომადგენლებმა, მათ შორის, თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ რამდენჯერმე განუმარტეს მას, რომ მაშინდელ დავალიანებას არანაირი შეხება ტარიფთან არ აქვს. თუმცა ჯონდი ბაღათურია ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა და მოითხოვდა სემეკ-ის წევრებისგან აეხსნათ, თუ რატომ არ მოჰყვა ამ 800 მილიონის ასახვა.
სემეკ-ში საჯარო განხილვა კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„მაჭავარიანი პარიზში, ბოკერია ლონდონში, ნადირაშვილი თურქეთში“
შემდეგი სტატიაივლისში ფულადი გზავნილების მოცულობამ იკლო