“თელასის” და სემეკის წარმომადგენლები ჯონდი ბაღათურიას განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებენ

“თელასის” მიერ მოსახლეობიდან 800 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, “ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას მიერ გაკეთებული განცხადება არის სრულიად უსაფუძვლო, – ამის შესახებ სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა გივი სანიკიძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ბაღათურიას მიერ “თელასის” ტარიფთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. “ქართული დასის” ლიდერი დაინტერესდა თუ სად წავიდა “თელასის” პრივატიზაციის შემდეგ 800 მილიონი ლარი, რომელიც კომპანიამ მოსახლეობიდან “სისხლისა და ცრემლის ფასად ამოიღო”.
ბაღათურიამ სემეკის წევრებს განუცხადა, რომ მათ კრიმინალური ნორმა დაადგინეს და ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში საერთოდ არ მოხვდა ამ 800 მილიონი ლარის ასახვა.
ბაღათურიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გამოეხმაურა. როგორც გივი სანიკიძემ აღნიშნა, ჯონდი ბაღათურიას განცხადება, რომ “თელასმა” 800 მილიონი ლარი ამოიღო მოსახლეობიდან, არის სრულიად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილი ციფრები.
“იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს ყოველი წლის აუდიტორული აქტები, და ამ შემთხვევაში, აუდიტორები არიან დიდი ოთხეულის წარმომადგენლები, თუ ვინმეს მათ შორის, ბატონ ჯონდის აქვს კომპეტენცია, რომ დიდი ოთხეულის დასკვნებში ეჭვი შეიტანოს, ეს უკვე მათი პრობლემაა”, – განაცხადა სანიკიძემ.
როგორც სანიკიძემ განმარტა, 1999 წლის ბოლოს, აუდიტის დასკვნის მიხედვით “თელასის” დებიტორული დავალიანება, ანუ მისაღები თანხები ელექტროენერგიის ნაწილში არის 22 მილიონი ლარი, ხოლო გადავადებული გრძელვადიანი მოთხოვნები, სულ 36 მილიონი ლარი. შესაბამისად, მისი თქმით, 800 მილიონი სრულიად უსაფუძვლო, ჰაერიდან მოტანილი ციფრია, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ გააჩნია.
“1998 წლის ბოლოს, დებიტორული დავალიანება, ეს ნიშნავს, რომ აქ ასახულია 1999 წელს წარმოქმნილი ვალდებულებები, შესაბამისად, 1998 წლის ბოლოს, როცა მოხდა “თელასის” პრივატიზება, 800 მილიონის მოთხოვნა არსად არ ჩანს აუდიტორულ აქტში”, – განაცხადა სანიკიძემ. მისივე თქმით, 1998 წლის ბოლოს მდგომარეობით, დებიტორულ დავალიანებას არანაირი შეხება არ აქვს დღევანდელ სამომხმარებლო ტარიფთან.
ჯონდი ბაღათურიას განცხადებას გამოეხმაურა “თელასის” წარმომადგენელი მიშა ანთაძე, რომელმაც აღნიშნულ ციფრს არასერიოზული უწოდა.
“მარეგულირებელმა კომისიამ წარმოადგინა 1999 წლის აუდიტორული დასკვნა, რომლითაც მე მგონი, ეს კითხვა საფუძველშივე მოიხსნა”, – აღნიშნა ანთაძემ.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი გაეროს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს