თეა წულუკიანმა არ იცის, ვინ შეიძლება იყოს ახალი მთავარი პროკურორი

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის რეფორმის განხორციელების შემდეგ, ახალი მთავარი პროკურორის არჩევა ახალი პროცედურით მოხდება.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარ პროკურორს მისი წარდგინების გარეშე ვერავინ მოხსნის, თუმცა, ამ წარდგინებაზე მას ჯერ არ უფიქრია.

„პროკურატურის რეფორმა საკმაოდ აქტიურად განიხილება ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი მონაწილეობით. ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს დირექტორატთან ერთად, ამ რეფორმის განხილვებში მონაწილეობენ: ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი შოთაძე, გედევან ფოფხაძე და აკაკი მინაშვილი. პირველადი გამოხმაურებები, რაც ამ სხდომაზე იყო, მიგვანიშნებს იმას, რომ მთლიანობაში, რეფორმა სწორი გზით მიდის. ველოდებით რამდენიმე დღეში წერილობით დასკვნას, რომლის გადმოცემის პირობაც, ვენეციის კომისიისგან მივიღეთ. როდესაც ეს რეფორმა შევა ძალაში და, რეალურად, საქართველოში პირველად გვექნება საპროკურორო საბჭო, პირველად იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის განმარტებით, რეფორმაში არ არის გათვალისწინებული, რომ კანონი მაშინვე შევიდეს ძალაში.

„მომხრე ვარ და იმედი მაქვს, მთავრობაც დაუჭერს მხარს, რომ ჯერ კანონი მივიღოთ და შემდეგ შევიდეს ძალაში, თუ კი პარლამენტმა სხვაგვარად არ ჩათვალა საჭიროდ. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც კანონი შევა ძალაში, საჭირო იქნება ახალი პროცედურების ამოქმედება, ჩვენ მოგვიწევს თავიდან ავირჩიოთ და შესაბამის ორგანოებს ახალი პროცედურებით დავანიშნინოთ მთავარი პროკურორი. იქნება ეს იგივე ადამიანი, თუ სხვა, ამაზე პასუხი არ მაქვს. თუმცა, მთავარ პროკურორს ვერავინ მოხსნის ჩემი წარდგინების გარეშე. ამ წარდგინებაზე კი მე დღეს არ მიფიქრია. ველოდები რეფორმას და როცა ის განხორციელდება, რა თქმა უნდა, ახალი პროცედურით უნდა ავირჩიოთ ახალი მთავარი პროკურორი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ფინანსთა მინისტრს კუდი აეწვა
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: ხარჯები 8 მილიონით შევამცირეთ