თეა წულუკიანი – ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ და ფრანგულ ძალოვან სტრუქტურებს შორის ურთიერთობები გამოსწორდა

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, მიგრაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა პარიზში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევთან შეხვედრა გამართა.
როგორც “თაიმერს” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა საქართველოსა და საფრანგეთისათვის საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს, კერძოდ, ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, მიგრაციის მართვა, უსაფრთხო დოკუმენტები, ასევე, საქართველოდან საფრანგეთში მიგრაციის ნაკადების უკეთესად მართვის აუცილებლობა და დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის კიდევ მეტად გაძლიერება, განსაკუთრებით კი, როცა საქმე ეხება საფრანგეთის ტერიტორიაზე უკანონო შესვლას, თავშესაფრის პროცედურებით უკანონო მანიპულაციებსა და იქ ჩადენილ დანაშაულებს. ამ მხრივ, განხილულ იქნა საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე ორი ქვეყნის პოლიციებს შორის თანამშრომლობის ხარისხი; პირადობის დამადასტურებელი საბუთების, მათ შორის, ნეიტრალური დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხი; ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არალეგალურად საფრანგეთში მყოფი პირების საქართველოში დაბრუნების მიზნით; ნარკოტიკებთან, კორუფციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის თემები. საუბრისას მინისტრები შეეხნენ ტერორიზმის საფრთხეებსა და ამ მიზნით ქვეყნიდან გადინების კრიმინალიზაციის გარდაუვალ საჭიროებას, რაც ყველა სახელმწიფოს დღეს თანაბრად აწუხებს.
“ყველა ის საკითხი, რაზეც დღეს საუბარი გვქონდა, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ერთია, რომ ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს რიგის სამიტზე, და მეორეა, რას ფიქრობენ ჩვენ შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი მინისტრები, ვინც მიგრაციისა და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე არის პასუხისმგებელი. აუცილებელია, რომ ყველა წევრ ქვეყანასთან ინდივიდუალურ რეჟიმში ამ მხრივ თანამშრომლობა გაგრძელდეს და გაღრმავდეს. ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ და ფრანგულ ძალოვან სტრუქტურებს შორის ურთიერთობები გამოსწორდა და წინა წლის სექტემბრიდან საბოლოოდ კარგ გზას დაადგა. კერძოდ, სექტემბერში პარიზში დაინიშნა ქართველი პოლიციის ატაშე, რომელიც ფრანგ კოლეგებს საქართველოს მოქალაქეების მიერ საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გახსნაში აქტიურად ეხმარება. ეს საკითხი აწუხებს საფრანგეთის სახელმწიფოს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს დავუდასტურე, რომ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს, უწყებათაშორის კომისიებს და სხვა კომპეტენტურ უწყებებს ეს გვესმის და მზად ვართ, კიდევ მეტად გავაძლიეროთ ის თანამშრომლობა, რომლის ახალი ეტაპიც შარშან სექტემბერში დაიწყო. ეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. შევთანხმდით, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი დროს გამონახავს და წლის განმავლობაში ესტუმრება საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს იმ რეფორმებს, რაც მიგრაციის მართვის სფეროში ჩვენთან დაინერგა. მე, პირადად, იმედით ვარ განწყობილი, რომ საბოლოოდ საფრანგეთი ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარს დაუჭერს”, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საფრანგეთის შს მინისტრს შორის თეა წულუკიანის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე და საქართველოს პოლიციის ატაშე საფრანგეთში ლაშა მედულაშვილი ესწრებოდნენ.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, თეა წულუკიანი, სხვა მინისტრებთან ერთად, აქტიურ სამუშაოს ატარებს რიგის სამიტამდე, რათა 21-22 მაისს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული საქმიანობა დადებითად შეაფასონ.

banner
წინა სტატიაშიფოთის პორტის თანამშრომლები ხელფასების 14%იან ზრდას ითხოვენ
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინი – დესტაბილიზებული და იზოლირებული რუსეთი არავის ინტერესებში შედის