თეა წულუკიანი – ჩემთვის შავი დღე გათენდა

თეა წულუკიანი -

ჩემთვის შავი დღე გათენდა, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იური ვაზაგაშვილის აფეთქებას. როგორც წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა , მისთვის ეს ფაქტი შოკისმომგვრელია.

“გამიჭირდება რაღაცეების მტკიცება, მაგრამ დღევანდელი ამბავი ჩემთვის შოკისმომგვრელია, რადგან ბატონი იური არ იყო ჩემთვის უცნობი ადამიანი. ყველა იმ ადამიანმა, ვინც ოპოზიციაში იყო, ვიცით, რომ რიტუალივით იყო უსამართლობასთან ბრძოლის პროცესში ბატონ იურისთან ერთად ე.წ. ყოფილ კორტებთან მისვლა. ბრძოლა ერთად გავიარეთ. ჩემთვის შავი დღე გათენდა. როდესაც მინისტრად დავინიშნე, ერთადერთი, რაც მოვასწარი და მის ტკივილს პატივი მივაგე, იყო ის, რომ მემორიალი დაიდგა სააკაშვილის და მერაბიშვილის რეჟიმის დროს დახვრეტილი ხალხის პატივსაცემად. ეს მემორიალი დგას და სანამ მე ვარ მინისტრად, იდგება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილი იმედიანად იყო, რადგან ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი.

“იური ვაზაგაშვილი ბოლო თვეებში და კვირებში მუდმივ კონტაქტზე იყო გიორგი ბადაშვილთან და ირაკლი შოთაძესთან. დღეს თქვა კიდეც ირაკლი შოთაძემ, რომ საქმე ბოლომდეა თითქმის მიყვანილი. ჩემთვის ბატონო იური არ იყო შორეული ადამიანი და რამდენადაც ვიცი, საერთო ნაცნობებისგან, ის ბოლო პერიოდში იმედიანად იყო განწყობილი, რომ ეს საქმე დღე დღეზე გაირკვეოდა”, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი თვითმკვლელობას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას.
ამასთან, როგორც წულუკიანი აცხადებს, პირველი თვეების განმავლობაში, სანამ იუსტიციის მინისტრს საპროკურორო უფლებამოსილება ჰქონდა, თითქოს დაიძრა ეს საქმე, თუმცა შემდგომ, პროკურატურა გაიყო იუსტიციისგან და არჩილ კბილაშვილისა და მისი პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის დროს, დიდი არაფერი მომხდარა.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის მკვლელობას პარლამენტის წინ აპროტესტებენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – სიმართლის გარკვევის მოლოდინი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ძალიან გაიწელა