თეა წულუკიანი ფოკელ ბავშვებთან ერთად მესტიაში გურამ თიკანაძის გამოფენის გახსნას დაესწრო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფოკელ ბავშვებთან ერთად მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო. მინისტრთან ერთად გამოფენა 17-მა ფოკელმა მოზარდმა (მე-8, მე-10 კლასის მოსწავლეები) და ორმა სტუდენტმა დაათვალიერა.

გამოფენის გახსნაზე მოსწავლეებმა და სტუდენტებმა სვანური სიმღერები მოისმინეს ცნობილი ლოტბარის, ისლამ ფილფანის, გუნდის შესრულებით. თეა წულუკიანმა ახალგაზრდებს მესტიის მუზეუმი დაათვალიერებინა და იქ დაცული ქართული კულტურის უძველესი ნიმუშები გააცნო.

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, გურამ თიკანაძის, ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო ავტორის ოჯახის არქივში დაცული 40 ნამუშევარი, რომლებიც გურამ თიკანაძის თვალით დანახულ მთასა და სვანეთს ასახავს. გურამ თიკანაძის მიერ დატოვებული ფოტომემკვიდრეობა 15 ათასზე მეტ ნეგატივს ითვლის. მის შემოქმედებაში მთის სერიას ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ფოკელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აქტივობაში, რომელსაც მესტიის მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდებს უძველესი მონეტების უკეთ გაცნობისთვის სთავაზობს. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაციაა.

ფოკელ მოსწავლეებს სვანეთში მინისტრთან ერთად მათი ქართული ენის პედაგოგი კლარა ფოცხვერაშვილი ახლავთ, რომელიც უკვე მრავალი წელია, ფოკაში მოღვაწეობს და ადგილობრივ ახალგაზრდებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მოზარდები სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებებით ფოკაში შაბათს დაბრუნდებიან.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატიაბორჯომში მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს