თეა წულუკიანი – სტრასბურგის სასამართლომ საქმე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ივლისში უნდა დახუროს

თეა წულუკიანი – სტრასბურგის სასამართლომ საქმე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ივლისში უნდა დახუროს

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საქმე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, მიმდინარე წლის ივლისში უნდა დახუროს. ამის შესახებ წულუკიანმა უკრაინულ День-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ საერთაშორისო დავებზე ისაუბრა.
რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის 3 ივლისს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. რუსეთს დაეკისრა ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის, კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად კი საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, რომელიც რამდენიმე კვირაში იწურება.
“ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ გვქონდა საერთაშორისო პროცედურები სტრასბურგსა და ჰააგაში. პირველი საერთაშორისო საქმე სტრასბურგში ჩვენ მოვიგეთ გასულ წელს, მაგრამ კომპენსაციის საკითხი ღია დარჩა. მიმდინარე წლის ივლისში სტრასბურგის სასამართლომ უნდა დახუროს საქმე და საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს საკითხი. მეორე საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც ისევ გრძელდება, 2008 წლის ომს ეხება. გასული წლის დეკემბერში ჩვენ ბოლო მემორანდუმი შევიტანეთ, მაგრამ რუსული მხარის პოზიციაა, თითქოს მას არაფერი დაურღვევია. არსებობს ასეთი საერთაშორისო პროცედურა _ სარჩელის შეტანის შემდეგ შეიძლება ხელმოწერილი იქნას შეთანხმება. მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო არასდროს წავა მორიგებაზე, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავად გადაწყვტიონ, დაარღვია თუ არა რუსეთმა ევროპული კონვეცნიის მუხლები”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ასევე იყო საქმე შეტანილი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, მაგრამ ეს საქმე რუსეთის წინააღმდეგ წაგებულია. “მიზეზი ის იყო, რომ მათ ყველა მასალა ძალიან სწრაფად მოამზადოს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ როდესაც რეფორმებს ატარებ და სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამ, სხვა დანარჩენისთვის დრო არ გრჩება. მაგრამ მათ რომ გაეანალიზებინათ და ეს სარჩელი უფრო სერიოზულად მოემზადებინათ, მოგება შეიძლებოდა. ახლა საერთაშორისო საკითხებში ჩემს მოადგილესთან ერთად ვცდილობ გავაკეთო ისე, რომ ჰააგაში დახურონ ეს საქმე, რომელიც საქართველომ წააგო. ეს უნდა მოხდეს სტრასბურგში მეორე სასამართლოს მოგების შემდეგ. არის მეოთხე საქმეც – სისხლის სამართლის პროცედურა ჰააგის სასამართლოს წინაშე, სადაც წინასწარი ძიება მიმდინარეობს აგვისტოს ომის ფაქტებთან დაკავშირებით. საკითხი დგას ასე _ საქართველომ, როგორც რომის სტატუტის წევრმა, უნდა გამოძიოს ფაქტები, იყო თუ არა სისხლის სამართლის დარღვევები საქართველოს, რუსეთისა და ოსური დაჯგუფებების მხრიდან. საქართველოსთვის ეს ძალიან დელიკატური საკითხია, ვინაიდან გამორიცხული არაა, ჰააგის სასამართლომ გადაწყვიტოს, რომ ჩვენი მხარე აქტიურად არ იძიებს ამ საქმეს და თავად წაიღოს გამოსაძიებლად”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, რუსეთი, რომელიც არ არის რომის სტატუტის წევრი, იყენებს რომის სტატუტს საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან 2008 წელს ჰააგაში გააგზავნა ბევრი ინფორმაცია საქართველოს მირ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, რასაც, წულუკიანის თქმით, ახლა ვებრძვით.

banner
წინა სტატიაშითბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის შექმნის პროექტზე შეხვედრა იმართება
შემდეგი სტატიამალაიზიაში მაშველები კინაბალუს მთებში 160 ტურისტის გადარჩენას ცდილობენ