თეა წულუკიანი – საფრანგეთი ქართულ რეფორმებს გულშემატკივრობს

ჩემი სამინისტრო სოფლის ძველ ბიბლიოთეკებს საზოგადოებრივ ცენტრებად გარდაქმნის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საფრანგეთში ვიზიტისას განაცხადა.
როგორც “თაიმერს” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და სახელმწიფოს რეფორმისა და გამარტივების დარგში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ ტიერი მანდონს შორის პარიზში შეხვედრა გაიმართა. საუბარი ორ ქვეყანას შორის ელექტრონული მმართველობის დარგში მომავალ თანამშრომლობასა და 3-4 ივნისს თბილისში დაგეგმილ ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპულ კონფერენციას შეეხო. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონი და დესპანი გოჩა ჯავახიშვილი.
“ტიერი მანდონი საქართველოს გულშემატკივრობს იმ რეფორმების გზაზე, რომელთაც მოაქვს პროგრესი, რადგან თავად უდგას სათავეში საფრანგეთში მიმდინარე არაერთ გაბედულ რეფორმას ელექტრონული მმართველობის გაძლიერებისა და ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფის მიზნით. ამ სფეროებში ორ ქვეყანას ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისგან სასწავლი. აუცილებელია გამოცდილების გაზიარებაც. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გარდაქმნის ჩემი სამინისტრო სოფლის ძველ ბიბლიოთეკებს საზოგადოებრივ ცენტრებად ისე, რომ ბიბლიოთეკის რეკონსტრუქციაც ხდება და იუსტიციის სახლის სერვისების შეტანა სოფლად ერთი ფანჯრის პრინციპით, და როგორ მოქმედებს ბატონი მანდონი, როცა ფრანგულ სოფლებში არსებულ ფოსტის შენობებს აძლევს ახალ სიცოცხლეს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით. პრიორიტეტი ქართულ და ფრანგულ სოფელში, ორივეგან ერთია − სახელმწიფო სერვისები უნდა იყოს ხალხთან ახლოს. შევთანხმდით, რომ მინისტრი ეწვევა საქართველოს ივნისში დაგეგმილ ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის დოკუმენტს ელექტრონული მმართველობის გაძლიერების, ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფის და პირადი მონაცემების დაცვით სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესის შემუშავების მიზნით”, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციიის სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთი და საქართველო 2014 წლის აგვისტოში ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership) მმართველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს და მათ წარმოადგენენ საფრანგეთის მხრიდან − ტიერი მანდონი, საქართველოს მხრიდან კი − თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიგიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშვეთის ტაძარში წირვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაფოთის ნავსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ