თეა წულუკიანი – სამოქალაქო კანონმდებლობაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა

სამოქალაქო კანონმდებლობაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, თუკი პრემიერის სურვილია, რომ ეს საკონსტიტუციო რანგში ავიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, უბრალოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენ არ გვაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზარების კომენტირებისას განუცხადა.
“ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ქვეყანაში კანონები ამ საკითხზე, თუ რა იგულისხმება ოჯახში, უნდა იყოს თუ არა ერთსქესიანი ქორწინება, დგინდება იმის მიხედვით, როგორია საზოგადოებრივი კონსენსუსი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ჩანს, ამ თემაზე კონსენსუსი არსებობდა, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და ეს მისაღებია იმ საზოგადოებისთვის. ვიდრე საქართველოში ეს კონსენსუსი არ არსებობს, ვერც ერთი ხელისუფლება, მათ შორის ჩვენი, ვერ გადადგამს რაიმე ტიპის ნაბიჯს, რომ შეცვალოს ეს კანონი. დღეს რაც არის კანონი, რომ ქალი და მამაკაცი ქმნის ოჯახს, ასეთადვე დარჩება ის საქართველოში, რადგან საქართველოს საზოგადოება სწორედ ასეთად მოიაზრებს ოჯახს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირკალი ღარიბაშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა”.

banner
წინა სტატიაშიბერლუსკონის არაოფიციალური ვიზიტი პუტინთან
შემდეგი სტატიაუეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ 09:00 საათიდან დაიწყება