თეა წულუკიანი – პროკურატურაში ახლად შექმნილმა დეპარტამენტმა ტემპი უნდა აკრიფოს

პროკურატურაში ახლად შექმნილმა დეპარტამენტმა ტემპი უნდა აკრიფოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “პალიტრა ტვ”-ის გადაცემა “პროვოკატორში” განაცხადა.
მისივე თქმით, ტემპის გაზრდის შემთხვევაში ახალი დეპარტამენტის შექმნის იდეა გაამართლებს. “სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც პროკურატურამ შექმნა, ამუშავდა, თუმცა ეს 2013 წლის იანვარ-მარტში უნდა გაკეთებულიყო. გუშინ ვიკითხე და მთავარმა პროკურორმა მითხრა, გუშინდელი მდგომარეობით მილიონ 100 ათასის ქონება დავუბრუნეთ მოქალაქეებსო. ეს არის ძალიან ცოტა, მაგრამ პროცესი დაიწყო. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მანამდე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროკურატურა ვერ ამუშავდა. ხანდახან ისე გამომდის, თითქოს გადავეკიდე ვიღაცას, მაგრამ რეალობა რეალობაა. ვამბობდით, ვაცადოთ, დაალაგებს, დაალაგებსთქო, მაგრამ ვერ დაალაგა პროცესები მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა. დღეს რომ დაიწყო ეს, დაგვიანებულია, მაგრამ არ შეიძლებოდა რომ არ დაწყებულიყო. ახლა ახალმა დეპარტამენტმა უფრო მეტი ტემპი უნდა აკრიფოს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის აზრით, სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურება პროკურატურაში საკადრო კუთხით დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა. “ამას ხელი შეუშალა საკადრო შეცდომებმა, რაც იყო, თუმცა დღეს ნამდვილი პროკურორი ჩაუდგა ამას სათავეში და პირველ რიგში ვგულისხმობ პირველ მოადგილეს, მთავარ პროკურორსაც, რომელთა ინიციატივა იყო, რომ შექმნილიყო სპეცდეპარტამენტი. სხვათა შორის, მე ამას თავიდან არ ვემხრობოდი და ვიძახდი, რადგან არის პროკურატურა, რად გვინდა სპეცდეპარტამენტითქო, მაგრამ თქვეს, რომ საჭირო იყო და მასში იმ ხალხს დავსვამდნენ, რომელთაც არ ჰქონიათ გამოსაძიებელ საქმეებთან შეხება. მერე ყველამ მხარი დავუჭირეთ ამ იდეას და გამოჩნდა, რომ ის, თუ ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა, წესით გაამართლებს”, – აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ახალ დეპარტამენტს გაძლიერება სჭირდება, რისთვისაც წლის ბოლოსთვის ფინანსთა სამინისტროს მისთვის ერთი მილიონი ლარის გამოყოფა მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი საქართველოს 20 ივლისს ეწვევა
შემდეგი სტატიასაქართველო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო წვრთნებს პროვოკაციად აფასებს