თეა წულუკიანი: ვერავინ მაგებინებს ამაზე პასუხს

სამართლიანობის აღდგენა ჩემს ხელში აღარ არის, ამიტომ ვერავინ მაგებინებს ამაზე პასუხს, მით უმეტეს – პარლამენტში, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან დასმულ შეკითხვას იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებებათა, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
თეა წულუკიანმა პარლამენტის წევრებს შეახსენა, რომ პროკურატურაზე ზედამხედველობის უფლება მას, როგორც იუსტიციის მინისტრს, 2013 წლის მაისში, სწორედ მათ მიერ მიღებული ცვლილებებით აუკრძალეს.
“მე არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ მინდა, შეგახსენოთ ერთი რამ – სამთავრობო და საპარლამენტო გუნდმა 2013 წლის მაისში მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრს ჩამოერთვა პროკურატურასთან მიმართებაში ყველანაირი უფლებამოსილება. ბატონებო, ადრე, სანამ კენჭს უყრიდით ახალ კანონს, 49-ე მუხლში ეწერა, რომ თქვენ გქონდათ უფლება დაგეძახათ, დაგებარებინათ იუსტიციის მინისტრი პარლამენტში და მოგეთხოვათ მისთვის პასუხი. თქვენ 49-ე მუხლი შეცვალეთ და ამიკრძალეთ უფლება, პასუხი მეგო თქვენს წინაშე პროკურატურის საქმიანობაზე. ახლა მთხოვთ პასუხს. ეს არის ჩემთვის ცოტა უცნაური”, – მიმართა წულუკიანმა დეპუტატებს.
მისივე შეფასებით, ახალი კანონი, რომელიც 2013 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო, “არ ვარგა”.
“49-ე მუხლის ცვლილებას მე ვეწინააღმდეგებოდი და ვიყავი პრაქტიკულად მარტო მთელი მმართველი გუნდის წინააღმდეგ. სამართლიანობა ითხოვს, აღინიშნოს, რომ სულ 2-3 ადამიანი დამიდგა მაშინ გვერდით: დავით უსუფაშვილი და ნინო გოგუაძე. ვინც დღეს კითხვები დასვით, 2013 წლის მაისში, 49-ე მუხლში ჩაწერეთ, რომ საპარლამენტო კონტროლი პროკურატურაზე ხორციელდება მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარებით. თქვენ მასში ასევე ჩაწეროთ, რომ მე მეკრძალება, ჩავიხედო რომელიმე სისხლის სამართლის საქმეში. ამას შეგახსენებთ ერთი მიზეზის გამო – დღეს ნუ წარმოაჩენთ საზოგადოების წინაშე სიტუაციას ისე, თითქოს სამართლიანობის აღდგენა ჩემს ხელშია და არ ვაკეთებ. ხელები მე მომეჭრა 2013 წლის მაისში. ამის შემდეგ, ხმამაღლა ვამბობ, სამართლიანობის აღდგენა ჩემს ხელში აღარ არის, ამიტომ ვერც ვერავინ მაგებინებს ამაზე პასუხს, პარლამენტში – მით უმეტეს. ეს კანონი, რომელსაც კენჭი ეყარა მაშინ ერთსულოვნად, არ ვარგა და უნდა გასწორდეს, რადგან ეწინაამდეგება კონსტიტუციას, რომელიც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი პროკურატურაზე ახორციელებს ზოგად ხელმძღვანელობას. მიიღეთ ჩემი ზომიერი აღშოფთება იმ ცუდ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც იქნა მიღებული. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ არის იუსტიციის სამინისტროს ხელში”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის ოჯახი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიათავდაცვის ახალმა მინისტრმა დეპუტატებს უწყების პრიორიტეტებზე ანგარიში ჩააბარა