თბილისში მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა “13 ივნისი” გაიხსნა

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთ მუშტად შეკრული ჩვენი ქვეყანა, ის საქართველო, რომელიც ყველას გვეამაყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში”, თბილისში მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა “13 ივნისის” გახსნისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
“დღეს ერთი თვე გავიდა 13 ივნისიდან. ერთი თვე გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, რომელმაც ყველა ჩვენგანი შეძრა. სტიქიისგან მიყენებული ყველანაირი ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს, მაგრამ ვერაფერი აანაზღაურებს ადამიანთა სიცოცხლეს და იმ ტკივილს, რაც მათი დაკარგვით მოგვადგა ყველას, პირველ რიგში მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი გულისტკივილით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და პატივი მივაგო მათ ხსოვნას. უმძიმესი დღე იყო 13 ივნისი. დიდმა ტრაგედიამ, რომელიც თავს დაგვატყდა, ჩვენი დიდი ძალა დაგვანახა, ჩვენი ერთიანობის, ჩვენი სოლადარობის და კონსოლიდაციის ძალა. ჩვენ დავინახეთ როგორ ვერთიანდებით მძიმე წუთებში. ჩვენ მომსწრენი გავხდით უამრავი იტორიისა, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი, ადამიანური და მოქალაქეობრივი იყო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეულობით გმირობის მაგალითია, რომელიც აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შეუძლებელია თითოეული მათგანის ჩამოთვლა, თითოეული ისტორიის მოყოლა, ზოგის სახელიც კი არ ვიცით, მაგრამ ვიცით მისი ისტორია, სოლიდარობის და უდიდესი თანადგომის ისტორია. მეგობრებო, იმ მძიმე წუთებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს კონსოლიდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბევრ მათგანს არც კი უნდა მადლობის მოსმენა, რადგან თვლის, რომ თავის მოვალეობას ასრულებდა, მე მაინც მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმ უმძიმეს დღეებში პირნათლად ასრულებდა თავის მოქალაქეობრივ, სამსახურებრივ მოვალეობას და ხალხს, ჩვენს დედაქალაქს ეხმარებოდა”, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს და დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.
“პირველ რიგში, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სამაშველო სამსახურს. რომ არა ამ ბიჭების თავგანწირვა, მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მათ რიგებში გმირები მსახურობენ. მათ ათეულობით ჩვენი მოქალაქე გადაარჩინეს წარმოუდგენელი რისკის ფასად, მათ არც უფიქრიათ საკუთარ სიცოცხლეზე. სამწუხაროდ, დაგვეღუპა ერთი მაშველი, ზურაბ მუზაშვილი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროებს, მინისტრებსა და სხვადასხვა უწყებებს.
“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ მძიმე წუთებში სამინისტროები, მერიის უწყებები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ და გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობა. დღეს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს, საგანგებო ღოსნიძიებათა ცენტრის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს; თავდაცვის სამინისტროს, მინისტრს, ქალბატონ თინას, საინჟინრო მხარდამჭერი ბატალიონის და საავტომობილო ბატალიონის ჯარისკაცებს; ენერგეტიკის მინისტრს, ბატონ კახას, გარემოს დაცვის მინისტრს, ბატონ გიგლას, სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ოთარს, ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, სპორტის მინისტრს, ბატონ ტარიელს, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშილს, თბილისის მერს დავით ნარმანიას, თბილისის მერიის სამსახურებს, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომლებმაც თავიანთი განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ტრაგედიის დღეებში განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდების სოლიდარობა.
“ეს მუხტი გადამდები და სამაგალითო აღმოჩნდა თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთ მუშტად შეკრული ჩვენი ქვეყანა, ის საქართველო, რომელიც ყველას გვეამაყება. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც გვერდით ედგნენ ჩვენს ქართველ მოხალისეებს და მათთან ერთად შრომობდნენ.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს და ფოტოგრაფებს, ვინც ამ მძიმე წუთებში ჩვენს გვერდით იდგნენ. მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც სტიქიის დღიდან გვერდით გვედგნენ და გვეხმარებოდნენ. მეგობრებო, დღეს აქ წარმოდგენილია 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის დღეები, ჩვენ უნდა გვახსოვდეს მძიმე წუთებში ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების სამაგალითო კონსოლიდაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ დაზარალებულებს ცხოვრების ღირსეული პირობები აღვუდგინოთ, შევუქმნათ და თანდათან დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამასაც ჩვენი საერთო ძალისხმევით და სოლიდარობით მივაღწევთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზის გადმოწმევასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში დიპკორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიარუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრაფარეტების უკან, საბჭოთა კავშირისდროინდელი საზღვრისკენ გადაწევა