თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გიორგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განაჩენი დაადგინა ბრალდებულების გიორგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ.
დავით კეზერაშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში წაქეზება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. (სსკ-ის 25,182 მუხ. II ნაწ. “დ” ქ/პ და III ნაწ. “ბ” ქ/პ)
მასვე, ბრალად ედებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების დამალვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. (სსკ-ის 194 მუხ. III ნაწ. “გ” ქ/პ).
გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში (ე.წ. რიყის ეპიზოდი – სსკ-ის 182 მუხ. II ნაწ. “დ” ქ/პ და III ნაწ. “ბ” ქ/პ).
გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში (ე.წ. “თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდი – სსკ-ის 182 მუხ. II ნაწ. “დ” ქ/პ და III ნაწ. “ბ” ქ/პ).
ღია სასამართლო სხდომებზე სასამართლომ განიხილა მოწმეთა ჩვენებები, გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ე.წ. ,,რიყის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდის” განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირთა დამნაშავედ ცნობისათვის, შესაბამისად, აღნიშნულ ბრალდებებში გიორგი უგულავა და დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. რაც შეეხება, ე.წ. ,,თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდს” სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით
გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის და 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, გიორგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით”, _ ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბალკანეთი: მიგრანტები ახალ გზებს ეძებენ
შემდეგი სტატიაბოთლი ღვინოს სკანდალში გახვეული პუტინი და ბერლუსკონი