თბილისის საქალაქო სასამართლო შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც “თაიმერს” თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, 2015 წლის 11 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე.
“შალვა აბულაძეს ბრალად ედება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება). ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებულ პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე თავად ბრალდებული”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2015 წლის 24 აპრილს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

banner
წინა სტატიაშიიერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
შემდეგი სტატიაწმინდა ცეცხლს თბილისში 23:30 საათზე ჩამოაბრძანებენ