თბილისის მერია სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგების ანგარიშს აქვეყნებს

ამერიკელი მეგობრების სოლიდარობის გზავნილი თბილისს - ვიდეო

მერიის ინფორმაციით ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია 16 ოჯახთან, ჯამში 79 ადამიანთან, რომლებსაც მათთვის გახსნილ საგარანტიო ანგარიშებზე ჩაერიცხებათ 2 537 775 ლარი.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ 6 ოჯახზე თანხების გადარიცხვა უკვე განხორციელდა და უახლოეს დღეებში საკომპენსაციო თანხას კიდევ 10 ოჯახი მიიღებს. დანარჩენ ოჯახებთან კი მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი.

“დედაქალაქის მერია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის მოზიდული სახსრების განკარგვის პროცესში ვალდებულია, საზოგადოებას სრულად მიაწოდოს ინფორმაცია დაზარალებულთათვის გაკეთებული შეთავაზებებისა და გაწეული დახმარების შესახებ. თანხების განკარგვის პროცესის გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც დახმარების გაწევა ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობისთვის შეთავაზებების გაკეთება 2015 წლის 5 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა ფულადი დახმარების გაცემის წესის საფუძველზე. მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა ის არეალი, რომელშიც მოხვედრილ მოსახლეობას აღნიშნული წესი შეეხო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან საწყის ეტაპზე შეთავაზება გაუკეთდა სვანიძის ქუჩისა და წყნეთის ხევში აღნიშნულ არეალში მოხვედრილ 39-ვე ოჯახს. მოცემულ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია 16 ოჯახთან, ჯამში 79 ადამიანთან, რომლებსაც მათთვის გახსნილ საგარანტიო ანგარიშებზე ჩაერიცხებათ 2 537 775 ლარი. შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ, ისარგებლონ. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს საწყის ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების, განსაკუთრებული რისკის მატარებელ ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის, რაც გულისხმობს იმ სხვაობის გადახდას, რომელიც არსებობს ოჯახის საკუთრებაში ადრე არსებულ ქონებასა და მერიის მხრიდან პირველს ეტაპზე ოჯახისთვის გაცემულ თანხას შორის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახისთვის მერიის მხრიდან პირველ ეტაპზე გაცემული თანხა აღემატება ოჯახის პირველადი ქონების საბაზრო ღირებულებას, დაზარალებულ ოჯახს რჩება მეტობით მიღებული თანხა. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის”, – ნათქვამია თბილისის მერიის ანგარიშში.

უწყების ინფორმაციით, გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახები მიიღებენ საკომპენსაციო თანხას ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად, რომელიც 8 000 ლარიდან 10 500 ლარამდე მერყეობს და განისაზღვრება სულადობის მიხედვით. კერძოდ, 1-2 წევრიანი ოჯახი 8 000 ლარს, 3-4 წევრიანი ოჯახი 8 700-ს, 5-6 წევრიანი ოჯახი 9400-ს, 7 და მეტ წევრიანი ოჯახი კი 10 500 ლარს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშისადარბაზოში ნაპოვნი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიაპარლამენტმა რიგგარეშე სესიების ფორმატში მუშაობა დაასრულა