თბილისის ზღვის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

თბილისის ზღვის შემოვლითი გზა და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი საავტომობილო კვანძის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
როგორც “თაიმერს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, გზა, სადაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის ფარგლებში ველორბოლა გაიმართება, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან ალექსი ახვლედიანთან ერთად გახსნა.
შემოვლითი გზის პროექტის მიხედვით, 12 კმ-იან მონაკვეთზე შეიცვალა საფუძველი, დაიგო ახალი, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და გარე განათების ქსელი. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელ საავტომობილო გზას. მოეწყო ოთხზოლიანი, ერთდონიანი საავტომობილო კვანძი, ჯებირები და სანიაღვრე ქსელი. დამონტაჟდა ახალი ბორდიურები და საფეხმავლო ტროტუარები, გარე განათების ქსელი.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა. დავით ნარმანია ღონისძიებაზე შეკრებილ ველომრბოლელებსაც გაესაუბრა და მათ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ოლიმპიადის ფარგლებში ველოსპორტისთვის იქნება გამოყენებული, ხოლო შემდეგ უკვე ქალაქს დარჩება და მნიშვნელოვნად გაადვილდება მოძრაობა. ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული გზის 12 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის სამუშაობზე 6 მლნ ლარი დაიხარჯა. გზა ოლიმპიური სოფლიდან თემქის ჩასასვლელამდე მთლიანად გაკეთდა, ასევე, ახალი ასასვლელი პანდუსი მოეწყო თემქაზე, სადაც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო გზა და პრობლემა ამ თვალსაზრისით. ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნა დღის წესრიგიდან და მთელი ზღვის პერიმეტრზე ჩვენ დღეს გვაქვს მოწესრიგებული, აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული გზა. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს, რომლებიც აქ იასპარეზებენ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
“დასრულდა თბილისის ზღვაზე თემქის მიმართულებიდან ამოსასვლელი გზა, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მლნ ლარი დაიხარჯა. ქალაქში ეს ძალიან რთული და ამოსასვლელად პრობლემური მონაკვეთი იყო. დღეის მდგომარეობით, უკვე 4 ზოლიან ასასვლელ-ჩამოსასვლელი იქნება და თბილისის ზღვაზე ამოსვლა ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი. გზა არის საკმაოდ მაღალი ხარისხით შესრულებული, რათა სამომავლოდ წლების განმავლობაში პრობლემები არ შეექმნას”,- განაცხადა მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ.
ღონისძიებაზე ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძეც იმყოფებოდა. სიმბოლურად ახალ გზაზე პირველი ველორბოლაც მოეწყო.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, ყველა ობიექტი აბსოლუტურად მზადაა ოლიმპიური ფესტივალის ღირსეულად ჩასატარებლად.
“რაც შეეხება კონკრეტულად ამ გზას, ეს არის საჩუქარი, პირველ რიგში მოსახლეობისთვის. ამ გზით ჩვენი მოსახლეობა ისარგებლებს, როგორც კი ოლიმპიადა დასრულდება. ამავდროულად, ეს არის საჩუქარი ველოსპორტისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ საჩუქარს სათანადოდ მიიღებენ ჩვენი სპორტსმენები და გვასახელებენ”, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
თბილისის ზღვის შემოვლითი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები შ.პ.ს “ბლექ-სი გრუპი”-მა განახორციელა. პროექტის ღირებულება 6,1 მლნ-მდე ლარია.
თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი საავტომობილო კვანძის სარეაბილიტაციო სამუშაოები (12 000 მ2) შ.პ.ს “ჯეუ გრუპმა” განახორციელა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 400 000 ლარამდე დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშითურქეთი ისლამისტების წინააღმდეგ ომში ჩაერთო და აშშ-ს საკუთარი ბაზები დაუთმო
შემდეგი სტატიაპატრიარქს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა