თბილისის ზღვის გარშემო 12-კილომეტრიანი გზის შეკეთება 15 ივლისს დასრულდება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თბილისის ზღვის გარშემო გზის 12-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თბილისის ზღვის გარშემო საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი კაპიტალურად შეკეთდება, გაიხსნება ძველი და მოეწყობა ახალი ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ზღვის შემოვლითი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს პარალელურ რეჟიმში შპს “ბლექ-სი გრუპი” და ს.ს “საგზაო კომპანია თბილისი” აწარმოებენ.
თბილისის მერის განცხადებით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში, ველორბოლაში შეჯიბრი გაიმართება. შესაბამისად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე დასრულდება.
“ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ქალაქს დარჩება მოწესრიგებული გზა და მოქალაქეები ამ გზით ისარგებლებენ, რადგან ამ გზით სარგებლობა და გადაადგილება დედაქალაქის სხვადასხვა უბნებისთვისაც მარტივია”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის კეთილმოწყობის სამსასახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, აღნიშნული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია წლებია არ ჩატარებულა.
“საფუძვლიანად იქნება გამოცვლილი, როგორც საზაო კონსტრუქცია, ასევე მონიშვნა, გვერდულები და ა.შ ანუ მინიმუმ 10 წლის განმავლობაში, ამ გზაზე არანაირი სახის სამუშოების განხორცილება საჭირო აღარ იქნება”, – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
საგზაო სამუშაოების გამო, 15 ივლისის ჩათვლით, თემქის დასახლებიდან ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება და გადაადგილება თბილისის ზღვის მარცხენა მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება ორმხრივად.
საგზაო სამუშაოები 2015 წლის მაისში დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 6 100 000 ლარია.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ავტოსაგზაო მოძრაობა შეზღუდულია
შემდეგი სტატიალარის გაუფასურება გრძელდება