თბილისის აეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გაიცა

თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკითხი ხვალ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შევა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებაზე დეპუტატები იმსჯელებენ.
განათლებისა და კულტურის, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების გაფართოებულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვამ დეპუტატებს შორის პოლემიკა გამოიწვია. საკითხს მხარი უმრავლესობის დეპუტატებმა დაუჭირეს, ოპოზიციონერ დეპუტატებს კი განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. სხდომას განათლების კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრებიც ესწრებოდნენ, რომლის შემადგენლობაშიც საზოგადოების წარმომადგენლები შედიან.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების ინციატივით გამოვიდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელის უგულვებელყოფას უგრეხელიძე ანტიეროვნულ ქმედებად მიიჩნევს. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ რუსთაველი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა და ყველა ქართველს აერთიანებს. მისივე თქმით, აეროპორტის სახელი არ უნდა განსახიერებდეს “გახლეჩილ საქართველოს”.
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ია მაკასარაშვილი სევდია უგრეხელიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი სურდათ, ზვიად გამსახურდიას სახელი ჰქონოდა თბილისის აეროპორტს, რატომ არ მიანიჭა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომლის დროსაც საკრებულო ამ საკითხზე მსჯელობდა.
ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” წევრის, თამარ ცინცაბაძის თქმით კი, ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩაერთოს საზოგადოება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის სახელის მინიჭება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით კი დღეს საკრებულოში ასევე საკრებულოს თავმჯდომარესთან არსებული სათათბიროს წევრებიც შეიკრიბებიან და ამ საკითხზე იმსჯელებენ.
საბოლოოდ, საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ამ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის საკრებულოს ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.

banner
წინა სტატიაშიურჩი მძღოლების ნაწილს გაფრთხილება მიეცა, ნაწილს კი 2 კვირით მიკროავტობუსის მართვა აეკრძალა
შემდეგი სტატიაქართული ფუსტალი – პრობლემები, რომელიც არ გვარდება