თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს- ერთ-ერთი მათგანი ადვოკატთა ასოციაციის წევრია

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე და მოქალაქე ირაკლი თედიაშვილი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის თებერვლიდან მაისის თვემდე პერიოდში, ირაკლი კვინტრაძემ და ირაკლი თედიაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით ბრალდებულ პირს პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად გამოსძალეს 9000 აშშ დოლარი.
გამოძებით ასევე დგინდება, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე საზოგადოებაში ხშირად იყენებდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების სახელს, თითქოსდა მათთან იმყოფებოდა ახლო მეგობრულ ურთიერთობაში, მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად თავის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონით მათი თანდასწრებით აკეთებდა ინსცენირებას თითქოსდა საუბრობდა სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების მაღალ თანამდეობის პირებთან, მათი სახელით პირდებოდა მოქალაქეებს სამართლებრივი პრობლემების მოგვარებას და ვითომდა დახმარების მიზნით, მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად სძალავდა დიდი ოდენობით ფულად თანხებს.
დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება ირაკლი კვინტრაძისა და ირაკლი თედიაშვილის მიერ ჩადენილი თაღლითური ფაქტების გამოვლენისა და დადგენის მიზნით.
მივმართავთ საზოგადოებას, რომ საქართველოს პროკურატურის სახელით ჩადენილი მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარ პროკურატურას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძე: ბარამიძეს არ დავუვიწყებ, საკენში როგორ ამხნევებდა ჩვენს თანამებრძოლებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: პრეზიდენტი, რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც ,,ქართული ოცნება” ჰქვია