თამარ ხიდაშელის შემაჯამებელი ბრიფინგი

შემაჯამებელი ბრიფინგი

xidasheliსაგარეჯოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის განცხადებით, სასურველი იქნებოდა, რომ საგარეჯოში საარჩევნო პროცესს ექსცესების გარეშე ჩაევლო.
ხიდაშელმა ცოტა ხნის წინ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და საგარეჯოს ამომრჩეველს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილეობისთვის, რომელშიც, მისი თქმით, შუალედური არჩევნების პირობებში ნორმალური აქტივობა დაფიქსირდა.
ხიდაშელის განცხადებით, დღის განმავლობაში ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო უბნებზე პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. მათ შორის, “ქართული ოცნების” კანდიდატის ამომრჩევლებს წელში გადამტვრევით ემუქრებოდნენ.
“მთელი დღე აგინებდნენ ჩემს მხარდამჭერებს. ისინი დადიოდნენ უბნიდან უბანზე და აწყობდნენ პროვოკაციებს”, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

როგორც თამარ ხიდაშელმა აღნიშნა, თუკი რწმუნებულები ეწეოდნენ აგიტაციას საარჩევნო უბანზე, ამისთვის არსებობს შესაბამისი პასუხისმგებლობა. თუმცა, უბნის გარეთ მსგავსი ქმედება კანონდარღვევას არ წარმოადგენს.
“უბნის გარეთ არ აქვს მნიშვნელობა პარტიის წარმომადგენელი იქნება თუ რწმუნებული და ა. შ. ეწეოდეს აგიტაციას. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამწუხაროდ, ნებადართული არის მოქმედი კოდექსით, არასასურველია ეს ყველაფერი თუ ამას აკეთებდნენ საჯარო მოხელეები. თუმცა შაბათი დღეა, უქმე დღეა და მათ ამგვარი ქმედებები არ ეკრძალებათ უბნის გარეთ. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრაქტიკა არ ყოფილა წახალისებული, არც ჩემი შტაბის მხრიდან და არც უშუალოდ ჩემი მხრიდან. თუ ეს მოხდა, ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა სასურველი არ არის. სამომავლოდ საჭირო იქნება გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი რამ”, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, მან აღნიშნა, რომ იგი როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ამჯერადაც ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოს რაიონში 5 უბნის შედეგებით ირმა ინაშვილი ლიდერობს
შემდეგი სტატიაცეესკოს მონაცემები