თამარ ჩერგოლეიშვილსა და სამართალდამცველებს შორის შეკამათება მოხდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან 18:00 საათზე დაგეგმილი აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, თამარ ჩერგოლეიშვილსა და სამართალდამცველებს შორის შეკამათება მოხდა.
თამარ ჩერგოლეიშვილმა პოლიციელებისგან მოითხოვა განმარტება, რატომ არ მიეცათ აქციის ორგანიზატორებს მთავრობის ადმინისტრაციასთან სცენის დამონტაჟების საშუალება, რომელიც ადგილზე სატვირთო მანქანით მიიტანეს.
“დღეს არის შაბათი, არასამუშაო დღე. გაცილებით ნაკლები მანქანა დადის ქუჩაში, შესაბამისად, ეს სატვირთო ავტომობილი არავის უშლიდა ხელს. გვითხარით, სად წერია, რომ სატვირთოს არ აქვს აქ გაჩერების უფლება მაშინ, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გაცილებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლება და მისი ბატონი ივანიშვილი არღვევს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას – გამოხატვის თავისუფლებას. თქვენ გიყენებენ მარიონეტებად, თქვენ ხართ მხოლოდ მარიონეტები”, – მიმართა ჩერგოლეიშვილმა პოლიციის თანამშრომელს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული წინააღმდეგობის მიუხედავად, აქცია სახელწოდებით STOP RUSSIA, 18:00 საათზე მაინც გაიმართება და ის გაცილებით დიდი იქნება.
“ამ ყველაფერზე ვიჩივლებთ. აქცია კი მაინც ჩატარდება და ის ძალიან დიდი იქნება – თქვენ დაგვეხმარეთ იმაში, რომ აქცია იყოს ძალიან დიდი, რადგან დაიჭირეს ადამიანი, გაიტაცეს სცენა და ასე ურცხვად ასრულებთ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას”, – მიმართა ჩერგოლეიშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
სამართალდამცველების განცხადებით კი, აქციის ორგანიზატორებისთვის სატვირთო ავტომანქანიდან სცენის გადმოტანასა და მთავრობის ადმინისტრაციასთან მის დამონტაჟებაში ხელი არ შეუშლიათ.
“სატვირთო ავტომანქანა 3 საათის განმავლობაში იდგა მთავრობის ადმინისტრაციასთან. ორგანიზატორებს შეეძლოთ ამ ხნის გამავლობაში მანქანიდან საჭირო ტექნიკა გადმოეტანათ. კანონში მგზავრების და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით განსაზღვრულია ლოგიკური ვადა. ამ შემთხვევაში, ეს ლოგიკური ვადა ამოიწურა, ვინაიდან, სცენის სატვირთო ავტომანქანიდან გადმოტანას არც თუ ისე დიდი დრო სჭირდება. აღნიშნული ავტომობილი კი მთავრობის ადმინისტრაციასთან დაახლოებით 3 საათს იდგა”, – განუცხადეს ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი ზონის წევრების სასამართლო პროცესი 4 საათზე გაიმართება
შემდეგი სტატიაგორის რაიონულ სასამართლოში “თავისუფალი ზონის” წევრების პროცესი მიმდინარეობს