თამარ სანიკიძე საზოგადოებას სკოლებში გამოვლენილი გადაცდომების დაფიქსირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, სკოლებში სხვადასხვა საჭიროების მიზნით, თანხის შეგროვება ნებადართული არ არის.
თამარ სანიკიძე “თაიმერს” გამოეხმაურა ბოლო პერიოდში გახშირებულ ინფორმაციას, რომ საჯარო სკოლებში სხვადასხვა, მათ შორის, ტუალეტის ქაღალდის შეძენის მიზნით, მშობლებს სკოლაში ფულის მიტანას სთხოვენ. მინისტრმა განმარტა, რომ ეს არის დარღვევა, სკოლას მსგავსი ქმედების უფლება არ აქვს და ასეთი რამ სკოლაში არ უნდა ხდებოდეს.
თამარ სანიკიძის განცხადებით, ნებისმიერი ხარჯი, რომელიც ასოცირებულია სწავლასთან და სასწავლო პროცესთან, სახელმწიფოს პრეროგატივაა. მინისტრის განმარტებით, თუკი რომელიმე სკოლაში რაიმე სახის დანაკლისი არსებობს და სკოლას დამატებითი დაფინანსება სჭირდება, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ასეთი ხარჯების დაფარვის საკითხს განიხილავს.
განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გამოვლენილი შემთხვევების სამინისტროსთვის შეტყობინება და დაფიქსირება.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სასკოლო საზოგადოებას, ნუ დაუშვებენ სკოლაში მსგავს პრეცედენტს. თუ რაიმე საჭიროებაა, უნდა მიმართონ სამინისტროს, მშობელი არ არის ვალდებული, რაიმეში დამატებით თანხა გადაიხადოს. სახელმძღვანელოებს უფასოდ ვარიგებთ, რომ ბავშვებს რესურსები ჰქონდეთ. ზოგადი განათლება, მით უმეტეს, საბაზო განათლება და მისი ყველა ხარჯის დაფარვა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს პრეროგატივაა. ასეთი ქმედება ნამდვილად არავის წაადგება. თუ რომელიმე სკოლაში რაიმეს დანაკლისია, არსებობს სამინისტრო, არსებობს დაფინანსება და ჩვენ უნდა მოგვმართონ”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, სკოლაში მონიტორინგი მიმდინარეობს. მსგავსი ფაქტების თაობაზე, ერთეული შემთხვევები სმენია, თუმცა როგორც წესი, ამას “ჭორაობის ფორმა” აქვს. მინისტრი საზოგადოებას გამოვლენილი გადაცდომის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბევრ შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება მომხდარა, ტარდება ინსპექტირება და სახდელი შესაძლოა, იყოს გაფრთხილება, მითითება ან სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქის პასპორტი 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება
შემდეგი სტატიანატო-ს გენერალური მდივანი დავით უსუფაშვილს მადლობას უხდის