თამარ სანიკიძე პანკისის ხეობის სკოლებს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი პანკისის ხეობის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვივნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს ხეობის სკოლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ახალი სასკოლო პროექტები გააცნეს. სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ხეობის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხეს და მათი საჭიროებებითაც დაინტერესდნენ. ღონისძიების ფარგლებში სკოლებს ასევე გადაეცათ მხატვრული ლიტერატურა ბიბლიოთეკებისთვის და კომპიუტერები.
პანკისის ხეობაში 7 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1430-მდე მოსწავლითა და 183 მასწავლებლით. აქედან 5 სკოლაა, სადაც ეთნიკური ქისტები და ჩეჩნები სწავლობენ, სწავლა აქ ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ერთ სკოლაში რუსული სექტორი ფუნქციონირებს.
“სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამაში” 5 სკოლაა ჩართული და შესაბამისად, ამ სკოლის მოსწავლეები სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობენ. 2013-2014 წლებში ხეობის სამ სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია აქვს გავლილი, ორი სკოლა სრულადაა რეაბილიტირებული, სკოლები ასევე აღჭურვილია ახალი ინვენტარით, ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტმომსახურებით.
პანკისის ხეობის სკოლებში დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამინისტრო 2015 წელსაც განახორციელებს იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც სკოლებმა წარმოადგინეს და რა საჭიროებებიც სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურმა გამოავლინა. რაც შეეხება ახალ სასკოლო პროექტებს, ამ ეტაპზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხეობის სკოლების მიერ წარმოდგენილ 6 სასკოლო პროექტს დააფინანსებს:
დუისის სკოლა – “თექის დამუშავების შესწავლა” და “სახელოვნებო განათლება” (ხალხური ცეკვის და სიმღერის წრეები);
დუმასტურის სკოლა – “გამოვავლინოთ ნიჭიერი ფეხბურთელი” (ფეხბურთის წრე) და – “დავეუფლოთ ხელოვნებას” (ხალხური ცეკვის და სიმღერის წრეები);
ბირკიანის სკოლა – “სახელოვნებო განათლება” (ხალხური ცეკვის და სიმღერის წრეები);
ჯოყოლოს სკოლა -“სახელოვნებო განათლება” (ხალხური ცეკვის და სიმღერის წრეები);
ხეობის ყველა სკოლა ჩაერთვება პროექტში “კინო სკოლაში”, რომელსაც განათლების სამინისტრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
ზემოაღნიშნულ სკოლებსა და ხეობის დარჩენილ ორ სკოლაში დამატებით ექვსი პროექტის დაფინანსება იგეგმება.
პანკისის ხეობაში სასკოლო ცხოვრება ისევე სრულფასოვნად მიმდინარეობს, როგორც საქართველოს ნებისმიერი ქალაქის თუ სოფლის სკოლაში, პანკისელი მოსწავლეები მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროგრამებსა და კონკურსებში, ასევე წარმატებით მონაწილეობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ხუთი სკოლიდან ორ სკოლას სერტიფიცირებული დირექტორი ჰყავს, სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობენ მასწავლებლებიც, ასევე გადიან მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს თბილისში და ადგილზეც.

banner
წინა სტატიაშიკომპანია “თელასი” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიავიქტორ იუშენკო: უკრაინას მომაბეზრებელი ბუზივით ერიდებიან