თამარ კორძაია: “რესპუბლიკური პარტია” 2016 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად მოქმედებას არ აპირებს

“რესპუბლიკური პარტია” 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია “ქართული ოცნებისგან” დამოუკიდებლად მოქმედებას არ აპირებს, არ არსებობს ვითარება, რამაც ეს შეიძლება გამოიწვიოს – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს “რესპუბლიკელმა” თამარ კორძაიამ განუცხადა.
ამასთან, პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ ოცნების” მიერ დაგეგმილ პარტიულ აქტივობებთან დაკავშირებით კორძაიამ აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” შეიძლება ჰქონდეს საკუთარი გეგმები 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორ გაძლიერდეს, როგორც პარტია, თუმცა დეპუტატის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიული აქტივობა კოალიციურ აქტივობასთან თავსებადი არ არის.
“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მუდმივ რეჟიმში დადის პარტიის რეგიონალურ ოფისებში, ხვდება მის აქტივს და ასე შემდეგ. თუკი “ქართული ოცნება” ახლა იწყებს, ამას მივესალმებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პარტიის გადასაწყვეტი საკითხია და მათი აქტივობაა, რასაც კოალიციურ აქტივობასთან კავშირი არ აქვს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ გუშინ განაცხადა, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”‘არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.
როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უთხრა, ამ მიზნით “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა შეჯერდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რუსთავში ნარკორეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატიატობავარჩხილის ტბაზე დაკარგულ ქართველ ტურისტს ეძებენ