თამარ კორძაია – “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები ტელეკომპანიებს ფინანსურ დარტყმას არ აყენებს

ლეიბორისტები "შუღლის შესახებ" კანონპროექტს აკრიტიკებენსაპარლამენტო უმრავლეობის წარმომადგენლის, თამარ კორძაიას შეფასებით, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები ტელეკომპანიებისთვის მძიმე ფინანსური შედეგის მომტანი არ იქნება. დეპუტატი არც იმას იზიარებს, რომ კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე იქონიებს.

როგორც კორძაია აცხადებს ხდება რეკლამის საეთერო დროის მიხედვით პროპორციული გადანაწილება, რითაც მომხმარებლის ინტერესი იქნება დაცული.

“ნებისმიერი ცვლილება, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონსა და რეკლამას ეხება, ბუნებრივია, მაუწყებელთა საქმიანობის კორექტირებას გამოიწვევს. რაც შეეხება სარეკლამო დროის შემცირებას, დაგეგმილი ცვლილებებით, სარეკლამო დრო არ მცირდება, სარეკლამო დრო სამაუწყებლო ეთერში პროპორციულად ნაწილდება. ევროკავშირის დირექტივა ითვალისწინებს, რომ ის საეთერო დროის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ეს 20% პროპორციულად უნდა იყოს გადანაწილებული. თავის დროზე, როცა ამ მიმართულებით მარეგულირებელი ნორმების მიღება მოხდა, 20% გაითვალისწინეს, მაგრამ კანონში არ ჩაიწერა, რომ ის ეთერში პროპორციულად უნდა გადანაწილებულიყო, ამიტომ ტელევიზიას შეეძლო მთელი რეკლამა ე.წ. პრაიმ თაიმში წაეღო და დილის საათებში არ გაეშვა. აქ მეორე საკითხია მომხმარებლის უფლებები – მაყურებელი, რომელსაც ასეთ პირობებში ავიწყდება რა გადაცემას უყურებს. ჩვენ ამ კანონით სარეკლამო დროის პროპორციული გადანაწილების ვალდებულება დავადგინეთ. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარმოადგინა კვლევა, რომლის მიხედვით, რეკლამა აღქმადია სამი წუთის განმავლობაში, მერე უკვე მას არავინ უყურებს”, – აღნიშნა თამარ კორძაიამ. მისივე თქმით, შედარებით რბილი რეგულაციების მიღება შეიძლებოდა სპონსორობასთან დაკავშირებით, მაგრამ “არც ისაა ტრაგიკული, რასაც პარლამენტი იღებს”.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით მიიღო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის მთავარმა ექიმმა აღიარა, რომ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენება შესაძლებელია
შემდეგი სტატიაყარაბახში ომია