თამარ ბერუჩაშვილი: ჩვენი ამოცანაა, ევროკომისიას ვიზა ლიბერალიზაციაზე სრულყოფილი ანგარიში წარვუდგინოთ

საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მათი ამოცანაა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, აგვისტოს შუა რიცხვებში ევროკომისიას სრულყოფილი ანგარიში წარუდგინონ.
ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოებასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს რეგულარულ დიალოგს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ბერუჩაშვილის განცხადებით, ძირითადი თემა იყო სავიზო ლიბერალიზაციის ამოცანები, ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ რიგის სამიტის შემდეგ.
“როგორც მოგეხსენებათ, რიგის სამიტის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, კალენდარი, რომელიც შეთანხმდა ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან და ამ რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გადადგა ქმედითი ღონისძიებები. ყველა შესაბამისი უწყება, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, 2013 წლიდან ახორციელებდა შესაბამის სამუშაოებს იმ მიმართულებით, რომელიც ეხებოდა რეკომენდაციების თემას, ეს იყო თავშესაფრის საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა, ნარკოტრაფიკი. შესაბამისად, დღეს, პარლამენტში უკვე გადაცემულია ყველა ის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც რეკომენდაციების ფარგლებში ჩამოყალიბდა. ჩვენი ამოცანაა, სრულფასოვანი ანგარიში წარვუდგინოთ აგვისტოს შუა რიცხვებში ევროკომისიას, შემდეგ სექტემბრის დასაწყისიდან ვუმასპინძლოთ შესაბამის სფეროებში შემფასებელ მისიებს და წლის ბოლოსთვის ევროკომისიამ ჩამოაყალიბოს საქართველოზე საბოლოო ანგარიში, რომელიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება საფუძველი საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე და შს მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე დიმიტრი ტასოევის განცხადებაზე – ეს არის მათი მხრიდან თვითკმაყოფილი განცხადება
შემდეგი სტატიაალექსანდრე ბარამიძე: ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი ძალიან პროგრესულად მიმდინარეობს