თამარ ბერუჩაშვილი: იმედია, რუსეთი შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებაშია აღნიშნული

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროპელი ლიდერები გაფაციცებით ადევნებენ თვალს მოვლენებს, რომლითაც თავიდან იქნა აცილებული ევროპის მასშტაბით დაპირისპირება.

მინისტრის თქმით, ის ყურადღებით ადევნებდა თვალს იმ ურთულეს მოლაპარაკებებს, რომელიც 12 თებერვალს მინსკში მიმდინარეობდა.

ბერუჩაშვილის შეფასებით, ეს არის საფრთხე არა მარტო ადგილობრივი, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვის. ეს არის ასევე გლობალური გამოწვევის საკითხი.

„ჩვენ მივესალმებით შედეგს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. ასევე, გამოვთქვამთ იმედს, რომ განსხვავებით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმებისა, რუსეთი შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებაშია აღნიშნული და სრულფასოვნად პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ფუნდამენტურ პრინციპებს. ამასთან, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისისვე თქმით, მინსკის შეთანხმების განხორციელება იქნება სერიოზული მონიტორინგის საკითხი ევროპელი ლიდერებისგან და თუ მას რუსეთი არ შეასრულებს, მოსალოდნელია სანქციების გაფართოება და უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა დაიწყოს ამ ხელშეკრულების სრულფასოვანი შესრულება.

„სამწუხაროდ, საქართველოს ამ მიმართულებით ცუდი გამოდილება აქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში მონიტორინგის მისიის სახით არიან ჩართულნი, ეს პრობლემა არ განიხილონ როგორც იზოლირებული ერთი კომპონენტი, არამედ როგორც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მკთლიანი შემადგენელი ნაწილი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია გავლენის სფეროებთან რუსეთის სამეზობლოში. იმედი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ საკითხს ყურადღებით მოეკიდებიან და გაიზიარებენ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს მინსკში რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და ბელორუსის ლიდერების მოლაპარაკება გაიმართა, რომელიც 16 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, 15 თებერვალს აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს.

banner
წინა სტატიაშიდაპატიმრებული ციხის დირექტორის ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინა
შემდეგი სტატიააშშ რუსეთს სანქციებს შეუმსუბუქებს, თუ…