თამარ ბერუჩაშვილი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგის სამიტის შემდეგ მყისიერად არ მოხდება

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგის სამიტის შემდეგ მყისიერად არ მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ინტენსიურად, ყველა პროცედურისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, რაც აქვს ევროკავშირს იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ჩართული არიან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში.
მინისტრის განმარტებით, შემფასებელი მისია დამთავრდა და ამ ეტაპზე ქართული მხარე ელოდება ექსპერტების ანგარიშს, რომელიც შემდეგ საბოლოოდ აისახება ევროკომისიის დასკვნით ანგარიშში, რაც უნდა იყოს წარმოდგენილი რიგის სამიტის დროს წევრი ქვეყნებისთვის განსახილველად.
“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ანგარიში იყოს პოზიტიური, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გვქონდეს შესაბამისი პოლიტიკური მხარდაჭერა. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, როდის მოახერხებენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტი, თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირში, შენგენის ზონის ქვეყნებში, მინდა გავაკეთო განმარტება, რომ ეს არ მოხდება მყისიერად რიგის სამიტის შემდეგ. ეს საჭიროებს დამატებითი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას, ასევე პროცედურების გავლას. ამ ეტაპების გავლის შემდეგ შესაბამის დროს გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბჭო”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშეცვლის თუ არა ძიების მიმართულებას ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში გამოჩენილი ახალი მოწმე?
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოში ბიზნესმენებს შეხვდება