თამარ ბერუჩაშვილი: დონალდ ტუსკის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სოლიდარობის მკაფიო დემონსტრირებას წარმოადგენს

დონალდ ტუსკის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო დემონსტრირებას წარმოადგენს , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ყველა ის პრობლემატური საკითხი და პრიორიტეტული თემა, რომელიც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას.
“ბატონი დონალდ ტუსკი პირველად ჩამოდის საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში. ეს ვიზიტი არის მკაფიო დემონსტრირება ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის, სოლიდარობის და მზადყოფნის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. რა თქმა უნდა, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონის გათვალისწინებით, რაც ზოგადად ჩამოყალიბდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, ასოცირების ხელშეკრულება ამოქმედდა წარმატებით და ჩვენ ერთობლივად ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ყველა შესაძლებლობის გამოყენებით. რა საკვირველია ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ ფონზეც, რომელიც დაკავშირებულია ჩვენ ყველაზე დიდ პრობლემასთან, ეს არის დეოკუპაცია და ის სირთულეები, რაც დღეს არის სახეზე. განხილვის თემა იქნება ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვთან ურთიერთობა ევროკავშირისთვისაც სერიოზული გამოწვევაა და ეს არის არა მარტო საქართველოს, არამედ ზოგადად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის თემა. ასე რომ, ეს ვიზიტი და დღევანდელი დიალოგი მიეძღვნება ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც დღეს საქართველოს დღის წესრიგშია და ყველა იმ პრიორიტეტულ თემას, რომელიც ასევე დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგში”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობიდან წამოსული პოლიტიკოსები პარლამენტში ფრაქციას შექმნიან
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ევროკავშირის პრეზიდენტის ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მოძრაობის დროს მნიშვნელოვანია