“თავისუფალი დემოკრატები”: სიტყვის თავისუფლების მხრივ დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება, ვიდრე 2007 წელს

თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია იმედის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუარესდა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ საღამოს ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება 2016 წლამდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ.

შეიძლება ითქვას, რომ მედიის დამოუკიდებლობის – სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2007 წელს.

2007 წელს ტელეკომპანია “იმედი” არ დაემორჩილა რა ხელისუფლების სურვილს და მცდელობას გაეკონტროლებინა ამ მედიასაშუალების პროფესიული საქმიანობა, ხელისუფლება იძულებული გახდა სპეცრაზმებით შეჭრილიყო “იმედში” და ძალით გაეჩერებინა ტელევიზია. ხელისუფლების ამგვარ ძალადობას მოჰყვა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მყისიერი რეაგირება მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად, რაც მხარდაჭერილი იქნა საერთაშორისო დონეზეც. შესაბამისად, მაშინდელმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა სიტყვის თავისუფლების ხელყოფისათვის.

დღეს კი, როგორც ვხედავთ, ხელისუფლების კონტროლი მედიაზე ჩვენს ქვეყანაში, მედიამფლობელების თვითკონტროლის ხარისხშია აყვანილი – ტელეკომპანია თავად აცხადებს უარს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე და ეს ხდება წინასაარჩევნო წლის დასაწყისში, მაშინ როდესაც ტელეკომპანიის რეიტინგის გაზრდა, რისკენაც ბუნებრივად უნდა ისწრაფვოდეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, სწორედ ამ სახის გადაცემებზეა დამოკიდებული.

ამგვარად, დემოკრატიის განვითარება ჩვენს ქვეყანაში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რამდენადაც ხდება დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს ისეთი ფუნდამენტური ღირებულების ხელყოფა, როგორსაც მედიის დამოუკიდებლობა – სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს.

იმედი მაქვს, ტელეკომპანია „იმედის“ მეპტრონეები სათანადოდ შეაფასებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მაუწყებლობის ფართო არეალის მქონე, პოპულარულ ტელეკომპანიას აკისრია ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, შეცვლიან გამოცხადებულ პოზიციას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რაც ზიანს მიაყენებს როგორც თავად ტელეკომპანიის რეიტინგს, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას. ჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს სჭირდება რაც შეიძლება მეტი სივრცე განსხვავებული პოზიციების გამოსახატავად, რასაც სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის და ძალზედ სამწუხარო იქნება, თუ ტელეკომპანია “იმედი” გამოაკლდება ასეთ მედიასაშუალებათა ისედაც მცირერიცხოვან ჩამონათვალს ჩვენს ქვეყანაში,”-აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიამირან გიგუაშვილი: “იმედის” მაყურებელი იმსახურებს იმას, რომ იცოდეს სიმართლე, თუ რა მოხდა სინამდვილეში
შემდეგი სტატიაევროპა რკინიგზის სადგურებზე უსაფრთხოებას აძლიერებს