თავდაცვის მინისტრმა 2014 წელს შრომის ანაზღაურების სახით მინისტრებს შორის ყველაზე დიდი თანხა მიიღო

2014 წელს შრომის ანაზღაურების სახით სამინისტროებს შორის ყველაზე დიდი თანხა 103 184 ლარი საქართველოს თავდაცვის მინისტრზეა გაცემული , – ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სამინისტროებში 2014 წელს გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2014 წელს შრომის ანაზღაურების სახით ყველაზე დიდი თანხა 103 184 ლარი (ხელზე 82 547 ლარი) გაცემულია საქართველოს თავდაცვის მინისტრზე. ამ შემთხვევაში კვლევის მიხედვით აღნიშნული თანხა განაწილებულია ირაკლი ალასანიასა და მინდია ჯანელიძეზე.
“სხვა მინისტრების ანაზღაურებისგან თავდაცვის მინისტრის ანაზღაურების განსხვავება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (2 170 ლარი) გარდა თავდაცვის მინისტრი ყოველთვიურად იღებს საკლასო ჩინის დანამატს (1239 ლარი), სტაჟის დანამატს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარი)”, – ნათქვამია კვლევაში.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 2014 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 12 500 ლარი მიღებული აქვს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძეს – 10 000 ლარი. 2014 წელს 6 250 ლარის ოდენობის პრემია მიღებული აქვთ აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს. სხვა მინისტრების შემთხვევაში 2014 წლის შრომის ანაზღაურება შედგება მხოლოდ თანამდებობრივი სარგოსა და პრემიერ მინისტრის მიერ დაწესებული ყოველთვიური სახელფასო დანამატისგან.
კვლევის ავტორების თქმით ერთადერთი მინისტრს, რომლის 2014 წელს მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტისათვის ამ დრომდე უცნობია, წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთის პრინცი: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ინვესტიციების ჩადებას თქვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატიაირაკლი კორძაიას თბილისის პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ