თავდაცვის მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს საჰაერო უსაფრთხოების ხელშეკრულების დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა საქართველოს პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს გიორგი მარგველაშვილს საჰაერო უსაფრთხოების თაობაზე და ქართულ-ფრანგული ხელშეკრულების დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ყველა იმ დეტალის შესახებ მოახსენეს, რომლებსაც ხელშეკრულება ითვალისწინებს. საუბარია ხელშეკრულებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან გააფორმა და რომლის მიხედვითაც საქართველოს გადმოეცემა ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები. დოკუმენტი გრიფით საიდუმლოა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტის იმპლემენტაციის შემდეგ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა და თავდაცვითი შესაძლებლობები გაიზრდება.
“ცხადია, ეს ხელშეკრულებები არის საიდუმლო და მე მისი გამჟღავნების უფლება არ მაქვს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამით თვისობრივად იზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. შეძენილია საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც, როგორც გამოჩნდა, სამწუხაროდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ყველაზე სუსტი წერტილი იყო”, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა.
თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განმარტებით, დასკვნით ეტაპზე გადასვლამდე აუცილებელი იყო სახელმწიფოს უმაღლეს მთავრსარდალთან კონსულტაცია და მისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
“ბუნებრივია, უმაღლეს მთავარსარდალთან კონსულტაციების გარეშე სწორი არ იქნება ჩვენი მხრიდან ასეთი ტიპის შემდგომი მოლაპარაკებების დაწყება. ვფიქრობ, რომ ყველა ვთანხმდებით ერთსა და იმავე პოზიციაზე – საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ახლა გაცილებით უფრო მყარი, ძლიერი, ნატო-სთან თავსებადი, საერთაშორისო თავდაცვისუნარიანობის სისტემის შემადგენელი კომპონენტი ხდება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამ გზაზე ჩვენ კიდევ ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი, რასაც ყველა ერთობლივად მხარს უჭერს და ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს, გვაძლევს საშუალებას, რომ ოპერირება შევძლოთ გაცილებით უფრო თავისუფალ სივრცეში”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: აუცილებელია ამ საზიანო ფორმატის გაუქმება
შემდეგი სტატიაორი ახალი სპორტული ობიექტი გაიხსნა თბილისში