ზურაბ ჭიაბერაშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ინვესტორების დაინტერესებასა და ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას მოახდენს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხება და 2014 წელს მოიცავს.
როგორც “თაიმერს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, ჭიაბერაშვილის თქმით, თემები, რომლებზეც ანგარიშშია საუბარი, საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს აღქმას დაღს ასვამს, რაც ცუდად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ასევე ინვესტორების დაინტერესებაზე.
“საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, გაჭირვება და გაღარიბება, რომელიც ბევრ ოჯახს შეეხო, ივანიშვილის მთავრობის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკითაა გამოწვეული. ასევე, საერთაშორისო საზოგადოების მიერ იმის გაცნობიერებით, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაშიც თავის მხრივ წვლილი შეაქვს არა მხოლოდ ქვეყნის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, არამედ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების არსებობა საერთაშორისოდაა აღიარებული”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია ჩამოთვლილი, რაზეც ქვეყანაში არსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები მუდმივად მიუთითებენ.
“გამოქვეყნებულ ანგარიშში, განსაკუთრებით აღსანიშნავია წინასწარი პატიმრობის გამოყენება პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური მიზნებით და ივანიშვილის დაკვეთით ყოფილი მაღალჩინოსნების წინასწარ პატიმრობაში დაუსაბუთებლად ყოფნა.
აქვე ხაზგასმულია წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებულ კანონში არსებული ხარვეზები, რომელიც პროკურატურისა და სასამართლოს მიერაა გამოყენებული და რომლითაც ირღვევა წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი კონსტიტუციური ვადა. აქ პირდაპირაა მითითებული, რომ ეს დაირღვა გიგი უგუგლავას პატიმრობის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია რომ აშშ-ს სახელმწიფიო დეპარტამენტი დიდ ყურადღებას უთმობს წინასაარჩევნო პერიოდს, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მომხდარ ძალადობებს ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ მათ თავიანთი კანდიდატურები მოეხსნათ. და ეს არ ეხება მხოლოდ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები, კიდევ ერთი თემაა, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში ეხება. ყურადღებას მიაპყრობს იმასაც, რომ პოლიტიკური ნიშნით გადაავადეს პარლამენტში მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესი. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ერთ-ერთი სერიოზული მოთხოვნაა, რომ ქვეყანამ ამ თვალსაზრისით ნაბიჯები სწრაფად გადადგას.
კონკრეტული საკითხები, რასაც ანგარიშში ვხვდებით, ესაა კორტავას გარდაცვალება ქუთაისის ციხეში, თათუხაშვილის გარდაცვალება იმ წამების შედეგად, რასაც პროკურატურის მხრიდან ჰქონდა ადგილი, ვანო მერაბიშვილის გაყვანა საკნიდან, არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი კლდიაშვილის დაუსაბუთებლად დაკავება, კაბელების საქმე, ენმ-ს გამგებლობის კანდიდატ ჯიბუხაიას საქმე, რომელიც განსაკუთრებითაა ხაზგასმული.
ასეთი მწვავე ანგარიში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს პრაქტიკულად არ ჰქონია და აქ ნათლადაა ნაჩვენები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკური კურსი, დაასრულოს პოლიტიკური დევნა, სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი გახადოს, პროკურატურა არ გამოიყენოს პოლიტიკური ნიშნით.
ეს ანგარიში გავლენას მოახდენს ინვესტორების დაინტერესებასა და ეკონომიკურ აქტივობაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ყურადღებით წაიკითხოს და ივანიშვილის მთავრობა ერთხელ და სამუდამოდ აიძულოს დაასრულოს ის არასწორი პოლიტიკა, რასაც ატარებენ. ჩვენ, როგორც პოლიტიკურ პარტიას, არ გვაქვს იმედი, რომ ივანიშვილი ამას ყურად იღებს. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური მეთოდებით რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს მისი ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში”, _ განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ერთ-ერთი ქარხნის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ბუნებრივი აირის ავზები ააფეთქეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ქარხანას ისლამისტური დროშით თავს დაესხნენ