ზურაბ ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი ცარიელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეფიციტი უკვე 84 მლნ ლარია.

„დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი უკვე გახარჯა და რადიკალური ცვლილებების გარეშე პროგრამა ჩავარდნის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

ეს ნიშნავს, რომ ათიათასობით პენსიონერის, ბავშვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, სოციალურად დაუცველის მკურნალობის ხარჯები თავად ოჯახებს დააწვება. ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის ფონზე, ეს მდგომარეობა უამრავ ადამიანს კატასტროფის წინაშე აყენებს.

ამოიწურა პროგრამის “რეფერალური მომსახურება” (კოდი 35 03 03 09) წლიური ბიუჯეტიც. ამ პროგრამას სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს. გაძვირებული მედიკამენტისა და მკურნალობის ხარჯის დაფარვა იმდენად ბევრ ადამიანს უჭირს, რომ სამინისტრომ 15 მლნ ლარიანი მლნ ლარი თითქმის უკვე დახარჯა და ბიუჯეტის ეს მუხლიც გასაზრდელი აქვს.

ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დავალიანება სრულად დაფარა. არა! დავალიანება რჩება და ეს მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

მინისტრმა სერგეენკომ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ და აუხსნას საზოგადოებას, როგორ აპირებს ნოემბერ-დეკემბერში ათიათასობით მოქალაქის მკურნალობის ხარჯის საავადმყოფოებისთვის ანაზღაურებას.“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილარი გაუფასურებას განაგრძობს
შემდეგი სტატიათავდასხმა ავღანეთში – დაღუპულია NATO-ს ორი სამხედრო