ზურაბ ჟვანიას საქმეზე შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი დაიკითხოს

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარჩილაძისა და მიხეილ ძაძამიას სასამართლო პროცესზე ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხებიან, მათ შორის, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი , – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულების პირობებში მიმდინარე საქმის განხილვისას, დღევანდელი პროცესის შემდეგ, საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
როგორც გუბელაძემ განმარტა, ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზე ბრალდების მხარე პოზიციებს შეაჯერებს. რაც შეეხება სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს გუბელაძე მათი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. დღევანდელ პროცესზე კი სასამართლოს ჩვენება მისცეს ბრალდების მხარის მოწმეებმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორმა წარმომადგენელმა პაატა კიკნაძემ და დავით ჯაფარიძემ. პროკურორის თქმით, ჯაფარიძე არის მოწმე, რომელიც ზურაბ ჟვანიას იცავდა და მისი პირადი დაცვის წევრი იყო.
“მან განმარტა, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ დაარღვიეს სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონი, გეგმა და ინსტრუქტაჟი, როდესაც პრემიერი დაცვის გარეშე დატოვეს და როცა ცენტრი 1-სთვის შეტყობინების გარეშე გადაადგილდებოდა. ამით სახელმწიფო სტრუქტურა უძლური გახდა, დაეცვა პრემიერ-მინისტრი”, – განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, გარდა ამისა, პროცესზე დაიკითხა პაატა კიკნაძე, რომელიც ოპერატიულ ტექნიკურ სამსახურში მუშაობდა.
“მან განმარტა, რომ პირადი დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ის გამოცხადდებოდა შემთხვევის ადგილზე და შეისწავლიდა ყველა საფრთხეს, რაც შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო ზურაბ ჟვანიას ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან”, – განაცხადა პროკურორმა.
ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება. ხვალინდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვაც იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით, კვლავ დაიკითხებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. ბრალდების მხარის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროკურატურას საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევისთვის კიდევ დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა.

banner
წინა სტატიაშისამინისტროებმა და სსიპ-ებმა ხუთ თვეში რეკლამაზე მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს
შემდეგი სტატიამთავარმა პროკურატურამ ოთხ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნა