ოჯახსა და ადვოკატებს ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამომძიებლებთან შენიშვნები აქვთ. როგორც ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ქალაქის პროკურატურიდან გამოსულმა ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, შეხვედრა კამათის რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი თქმით, უფრო მეტია გასაკეთებელი.
“ვეცნობოდით მასალებს, ვსვამდით შეკითხვებს, ვისმენდით არგუმენტებს, თუმცა, ძირითადად, ვერ ვიზიარებდით. შეხვედრა კამათის რეჟიმში მიმდინარეობდა. ჩვენ მოვითხოვეთ, რაც საეჭვოა შეისწავლონ და მოიძიონ მეტი ინფორმაცია. ბოლომდე პასუხები არაფერზე არ არის. შესაბამისად, ბოლომდე არ არის ჩატარებული გარკვეული მოქმედებები”, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამოძიებამ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც უნდა დაიკითხონ გარკვეული ადამიანები და გარკვეულ შეკითხვებს გასცენ არგუმენტირებული პასუხი. კიწმარიშვილმა განმარტა, რომ ეს ადამიანები გამოკვეთა მიმდინარე გამოძიებამ, გარდაცვლილის ოჯახისა და ადვოკატების მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე.