ზურაბ ადეიშვილის ადვოკატს ინტერპოლიდან, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ძებნის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია

როგორც პრესასთან ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, ადეიშვილთან მიმართებაში, საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესების შესახებ, დაცვის მხარის მიერ ინტერპოლს ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდებოდა.
ოთარ კახიძის თქმით, მათ შორის, ინტერპოლს გაეგზავნა თხოვნის წერილი, ადეიშვილის მიმართ ძებნის შეწყვეტის შესახებ.
“ოფიციალური დასტური ამ დრომდე არ მიგვიღია, შესაბამისად, მეც მხოლოდ ის ვიცი, რომ ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის საიტზე, ძებნილთა სიაში აღარ არის. ინტერპოლს რამდენჯერმე მივმართეთ წერილით, მათ შორის ბოლოს – 4 თვის წინ. ამასთან, ვაწვდიდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოწმეებმა ჩვენებები გადათქვეს და ადეიშვილის წინააღმდეგ საქმეებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. მათ შორის, ციხის საქმეზე, მოწმე გაგა მკურნალიძემ თქვა, რომ ადეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა და შესაბამისად, პოლიტიკური მოტივაციის ნიშნები არსებობდა”, – განაცხადა კახიძემ.
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედში” უკანონო შეჭრის საქმე, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიაშშ რუსეთს მზვერავი-თვითმფრინავის დაჭერის გამო აკრიტიკებს
შემდეგი სტატია“დემოკრატიული მოძრაობა” იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის შეჩერებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვს