ზურაბ აბაშიძე: პრაქტიკული მუშაობა ან რაღაც ნაბიჯი შეხვედრების მოსამზადებლად არ გადადგმულა

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მომავალში საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

თუმცა იგი აცხადებს, რომ ამ დრომდე გამართულ არც ერთ კონსულტაციაზე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. აბაშიძის თქმით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მაღალი დონის შეხვედრების მომზადება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

„ის, რომ ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა ადრე თუ გვიან უნდა შედგეს, ამის შესახებ ადრე კომენტარები როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში გაკეთდა. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ თუკი ასეთი შეხვედრა მომზადდება, ის აუცილებლად რეალურ შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ მხედველობაში გვაქვს აფხაზეთის კონფლიქტი, ცხინვალის რეგიონი და ის, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუკი ეს მოხდება ეს აუცილებლად სასიკეთო უნდა იყოს ქვეყნისთვის და მხოლოდ ასე ექნება მას აზრი. მაგრამ ჯერ რაღაც პრაქტიკული მუშაობა ან რაღაც ნაბიჯი ასეთი შეხვედრების მოსამზადებლად არ გადადგმულა არც პრაღაში, არც ჟენევაში. ჯერ მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოვიფარგლებით“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს ლიდერებს შორის მაღალ დონეზე კონტაქტის პერსპექტივა შენარჩუნებულია.

 

banner
წინა სტატიაშიპირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები ამოწურულია