ზუგდიდში ჯიხურის ძარცვის ფაქტი გახსნილია – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის ძარცვის ფაქტი გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმრთველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით 1951 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვალერ ბ. დააკავა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს ზუგდიდში ავტომანქანით გზა გადაუღობა “მერსედესის” მარკის ავტომანქანას, რომელსაც სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი ნინო ბ. მართავდა. ვალერ ბ-მ ჩაამტვრია აღნიშნული ავტომანქანის გვერდითა საქარე მინა, ნინო ბ.-ს დედას, გული მ.-ს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც 40 000 ლარი იყო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვალერ ბ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, “სისხლის სამართლის კოდექსის” 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმრთველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიდღეს საკონსტიტუციო კომისიის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიასოფელ ლელიანში მომხდარი ჩხუბის დროს 28 წლის ზურაბ სამხარაძე გარდაიცვალა