ზუგდიდში გენდერულ თანასწორობასა და შშმ პირთა საჭიროებებზე იმსჯელეს

ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა სახელწოდებით „დისკუსია ინიციატივებისთვის“ გამართა. დისკუსიაში სამოქალაქო საზოგადოების, არსამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ. ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელის ლევან სულაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივები როგორც გენდერული თანასწორობის, ისე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების მიმართულებით.
„ინიციატივები ძირითადად მარტოხელა დედების პრობლემებს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების ამოქმედებას ეხება. ამ იდეებს და წინადადებებს დავამუშავებთ და ჩვენი ორგანიზაცია მომავალში ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში, ქალაქისა და რაიონის საკრებულოებშ გაუწევს ლობირებას. შეხვედრა საკმაოდ შინაარსიანი და წარმომადგენლობითი იყო“, – განმარტა სულაშვილმა.
ზუგდიდში არსებულ პრბლემებზე ისაუბრა შეხვედრაზე ასოციაცია „დეას“ ხელმძღვანელმა მადონა ხარებავამ, რომელიც შშმ პირების თემატიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინფრასტუქტურულ ადაპტაციასთან ერთად, აუცილებელია ამ ადამიანების დასაქმებაზე ზრუნვა. ხარებავა ადგილობრივ თვითმმართველობებში კვოტირების თემასაც შეეხო.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით კი, უწყება მზადაა, ნებისმიერი ინიციატივა განიხილოს.
„ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას. საკრებულოსი შემოტანის შემთხვევაში, ეს ინიციატივები ყურადღების მიღმა არ დარჩება და ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ქვარაიამ.
არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა გამგეობის გენდერული ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე მაია ღურწკაიამაც.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ გამყოფი ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა დაიწყო
შემდეგი სტატია,,ძალიან ცუდია, რომ ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები”