ზვიად ძიძიგური უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს არაკორექტულს უწოდებს

„არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებისგან გადადგმული ნაბიჯი იყოს მეგობარ სახელმწიფოსთან კორექტული, თუმცა ვფიქრობ, რომ მეტი კომენტარი ამ თემაზე საჭირო არ არის,“ – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი, ზვიად ძიძიგური უკრაინის ელჩის დაბარებას საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქმე ეხება უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნას მაღალ თანამდებობებზე.

მისი თქმით, გასაუბრება ელჩთან საკმარისი იქნება და ოფიციალური ნოტების გაცვლა და სხვა დიპლომატიური ნაბიჯები ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინასთან ურთიერთობაში არ უნდა გადაიდგას.

ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას აუცილებლად მოყვებოდა უკრაინის მთავრობის პროტესტი.

„ჩვენ რომ დავნიშნოთ უკრაინის პროკურატურისაგან ბრალდებული პირი ისეთ თანამდებობაზე, რომ ეს იყოს უკრაინისთვის მიუღებელი, რა თქმა უნდა ისინი რეაქციას გააკეთებდნენ,“ – განაცხადა ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიმესტიისაკენ მიმავალი გზა გახსნილია
შემდეგი სტატიარამაზ საყვარელიძე – მეჩვენება, რომ ივანიშვილს სურს, ექსპერტებმა ისე ილაპარაკონ, როგორც მეხოტბეებმა