ზვიად კვაჭანტირაძე: ვფიქრობ, სწორი არ იქნება, ერთი და იგივე დროს გაერო-ში ორი დელეგაცია გაემგზავროს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის გამგზავრების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და განმარტებებს აკეთებს.
როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, მაშინ, როცა გაერო-ში ოფიციალური ინფორმაცია გაგზავნილია, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას, საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობა მთავრობისა და ქვეყნის იმიჯს ზიანს აყენებს.
ამასთან, მისივე განმარტებით, ლიტვის პრეზიდენტის პატრონაჟით დაგეგმილი კონფერენცია გაერო-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება არ არის.
“მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, როდესაც უკვე გაერო-ში ოფიციალურად არის ინფორმაცია წასული, რომ საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კიდევ რაღაც დამატებითი ბრიფინგების და ამ თემაზე საერთოდ ასეთი ტრიბუნიდან მსჯელობის გაგრძელება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ნამდვილად ზიანს აყენებს. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ დიდი ზიანს აყენებს მთავრობის და მათ შორის პრემიერ-მინისტრის იმიჯსაც. ეს უკვე გადაწყვეტილია, შეთანხმებულია და პრემიერ-მინისტრის გამოსვლაც იგეგმება, ისევე როგორც იგეგმება შეხვედრები კოლეგებთან, სხვა ქვეყნების პრემიერებთან. ის, რომ ბატონი პრეზიდენტი მიწვეული იყო ღონისძებაზე, რომელიც ლიტვის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება, ვიცოდით. ვიცოდით, რომ ის მიემგზავრებოდა ამ ღონისძებაზე, რაც არ არის გაერო-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება, ეს დამოუკიდებელი ღონისძებაა”, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
როგორც ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, ერთი და იგივე დროს ორი დელეგაციის გამგზავრება გაერო-ში სწორი არ იქნება. მისივე განმარტებით, თუკი რაიმე “დიპლომატიური დესერტი” გააჩნია საქართველოს, ისინი მუდმივად ამერიკაში უნდა იყვნენ და ყველაზე სანდო პარტნიორს ესაუბრონ პერსპექტივებისა თუ პრობლემების შესახებ. ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკურ კურსზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა და მსგავსი ტიპის მაღალი დონის ღინისძიებაზე პრემიერ- მინისტრი უნდა წარსდგეს.
“კონსტიტუცია ამაზე პასუხს სცემს თავიდან ბოლომდე. კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელებასა და აღსრულებაზე. აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის მაღალი დონის ღონისძიებებზე როგორიც გაეროს გენერალური ასამბლეა არის უნდა გამოდიოდეს ქვეყნის პრემიერ მინისტრი ისევე, როგორც ეს ხდება ჩვენი კონსტიტუციური მოწყობის ანალოგიურ ქვეყნებში, ისრაელში, გერმანიაში, ლატვიაში სხვა ქვეყნებში, სადაც აზრადაც არავის მოუვა დასვას შეკითხვა თუ ვინ უნდა გამოვიდეს სიტყვით ქვეყნის და მთავრობის სახელიტ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე”, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, გასული წლის პრაქტიკიდან გამომდინარე, თუკი პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი გაერო-ში გამგზავრების, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დროულად უნდა ეწარმოებინა კონსულტაციები პრემიერ მინისტრთან.
“შარშანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ პრეზიდენტს ასეთი სურვილი გააჩნდა მას და მის ადმინისტრაციას ცოტა უფრო ადრე უნდა დაეწყოთ კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან. და საერთოდ ,რაც უფრო მეტს ვეკონტაქტებით მთავრობას, აღმასრულებელ ხელისუფლებას მით უფრო მეტი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე, როცა გადაწყვეტილებები მიღებულია, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით და უხერხულ მდგომარეობაში ვარდება ქვეყნის იმიჯი. ახლა რომ კიდევ რაღაც ცვლილებები შევიდეს ამ გადაწყვეტილებაში, ეს იქნება პირდაპირ მთავრობის იმიჯის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ დღეს განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის საშუალება მისცემოდა.

banner
წინა სტატიაში“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპრემიერ ღარიბაშვილის კარზე ჭორთა კორიანტელი–რა ხდება სენაკში