ზაქარეიშვილი ჟურნალისტების დღევანდელ ქმედებას რუსული პოლიტიკის ხელშეწყობად აფასებს

სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ქართველი ჟურნალისტების მიერ ბანერის “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი” დემონტაჟი რუსულ პროვოკაციაზე წამოგებად შეაფასა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ბანერის ამოღება, თავისთავად, ომის მოგება არ არის.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ნაბიჯი კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს, რომ საფრთხეში არ ჩაიგდონ თავიც და იქ, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობაც. ბანერის ამოღება, თავისთავად, ომის მოგება არ არის. ამ ახალგაზრდებმა, შესაძლოა, ეს ემოციურად და გულწრფელად გააკეთეს, მაგრამ ეს მაინც არის რუსულ პროვოკაციაზე წამოგება და რუსული პოლიტიკის ხელშეწყობა. ანუ სწორედ ეს – პროვოკაციაზე წამოგება სურდა რუსეთს, რათა მისთვის სასურველი რეაგირება მოახდინოს, ეს კი სიტუაციის ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების საფრთხეს შეიცავს”, – განუცხადა ზაქარეიშვილმა “პირWელს”.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართა. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

დღეს კი მედიის წარმომადგენლებმა ე.წ. მცოცავი ანექსია სოფელ ხურვალეთში გააპროტესტეს და ორჭოსანთან დამონტაჟებული ბანერი წარწერით, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი” ამოიღეს და ხევში გადააგდეს.

banner
წინა სტატიაში“გამაოგნებელია მთავრობის არაადეკვატური რეაქცია” – გიორგი კანდელაკი
შემდეგი სტატიათურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი დაშავდა