ზაზა ხატიაშვილი ,,რუსთავი 2″-ის მიერ დაგეგმილი კონცერტების ჩაშლის ფაქტს ეხმაურება

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის მიერ დაგეგმილი კონცერტების ჩაშლის ფაქტს ეხმაურება.
ზაზა ხატიაშვილს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბინძურ კამპანიას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიმართ და მიზანმიმართულ ხელისშეშლის მცდელობას ამ ღონისძიების მიმართ.
“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარის განცხადებას “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“რამდენიმე დღეა, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ეთერით მიმდინარეობს სარეკლამო რგოლების ჩვენება საქართველოს ქალაქებში კონცერტების გამართვის თაობაზე. ,,რუსთავი 2″–ის მიერ დაანონსებული აქციის ,,რუსთავი 2 შენთვის” გეგმის მიხედვით, ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებული კონცერტი 1-ელ აგვისტოს ბათუმში, 2 აგვისტოს კი ფოთში უნდა ჩატარებულიყო.
ქუთაისისა და ფოთის მერიის უკანონო გადაწყვეტილებების გამო, კონცერტი ჩაიშალა და დარწმუნებული ვარ, არც ბათუმში გაიმართება. “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ უარის თქმის ობიექტური მიზეზი არ არსებობს და ადგილი აქვს მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბინძურ კამპანიას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიმართ, ადგილი აქვს მიზანმიმართულ ხელისშეშლის მცდელობას ამ ღონისძიების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ მერიის მიერ სხვა კონცერტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მიღებული და ეს დოკუმენტებით დასტურდება, ვიდრე ,,რუსთავი 2″-ის მიმართვა, მაშინ მათ ეკისრებათ ვალდებულება, ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზონ ტელეკომპანიას.
ადგილობრივი ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს მთავრობის მითითებით, ხელი შეუშალოს ტელეკომპანიას გამართოს კონცერტი. ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა, მინდა რეპლიკით მივმართო ხელისუფლებას: კომუნისტური რეჟიმისგან შორს არ წასულხართ ბატონებო! თქვენ მიმართავთ ყველა ბინძურ ხერხს, რათა არ ჩატარდეს კონცერტი. შავი ზღვის რეგიონში, სადაც ტურისტების მოზღვავებული რაოდენობაა და თქვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს კულტურული ღონისძიებების გამართვა, პირიქით აკეთებთ. თქვენი ქმედება მაგონებს სააკაშვილის მართვის ეპოქას, როცა იკრძალებოდა ყველაფერი, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა მის იდეოლოგიასთან.
თქვენი ქმედება არის მიზანმიმართული კამპანია “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ და გაფრთხილებთ, შეწყვიტეთ ძალადობრივი ქმედებები დამოუკიდებელი ტელეკომპანიის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. მიეცით ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს ღირსეულად დაისვენონ და გაერთონ. ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია გამოყოს ფართი ან ტერიტორია, სადაც გაიმართება ღონისძიება, რაზეც მოგიწოდებთ. ბოლო ხანს, ხშირად მიწევს შეგახსენოთ და მიგითითოთ თქვენი ვალდებულებების, ადამიანთა დევნის ფაქტების, კანონის უზენაესობის დარღვევის შესახებ. თქვენ ეს ფაქტი უხერხულობას არ გიქმნით?…
იმედს გამოვთქვამ, რომ აჭარის ხელისუფლება არ გაიმეორებს შეცდომას”, – ნათქვამია “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2792 ლარი გახდა
შემდეგი სტატიამსოფლიო სავალუტო ფონდმა საბერძნეთს კრედიტების გამოყოფაზე უარი უთხრა