,,ვინც ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებული ნორმა მას ეხება, უნდა მიმართოს შესაბამის სასამართლოს”

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განცხადებას აკეთებს. კახიშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების მხრიდან რომ ყოფილიყო გადაწყვეტილება გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე, დაუყოვნებლივ აღსრულდებოდა. კახიშვილმა ეს განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე და არა კონკრეტულად ერთი ადამიანის გათავისუფლებაზე. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრი არავის ათავისუფლებს და არ იჭერს და დადგენილია პროცედურები პირის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

“გუშინ, არ ვიცი განზრახ თუ შეცდომით, ან ვიღაცის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გამო, სრულიად უსაფუძვლოდ მართავდნენ აქციებს მე-9 დაწესებულებასთან და სასჯელაღსრულების სამინისტროსთან იმ მოთხოვნით, რომ თურმე მე უნდა გამეთავისუფლებინა უგულავა პატიმრობიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლო თავად არ მსჯელობს კონკრეტული ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. მე ეს ავუხსენი გუშინ იმ პირებს, ვისაც ეს აინტერესებდა. საუბრობდნენ, რომ გადაწყვეტილებას ვერ აბარებდნენ. ამის გამო მივბრუნდი სამინისტროში, ჩავიბარე გადაწყვეტილება, შევხვდი ერთ-ერთ დეპუტატსა და ადვოკატს და ავუხსენი, რომ ამ საკითხს შევისწავლიდი და თავად დარწმუნდებოდნენ და იცოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ნორმის არაკონსტიციურად ცნობის თაობაზე და არა კონკრეტულად ერთი ადამიანის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებაზე. გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო საერთო სასამართლოების მხრიდან იმის შესახებ, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გიგი უგულავა მე-9 დაწესებულებიდან, ეს გადაწყვეტილება დაწესებულების ხელმძღვანელის მხრიდან დაუყოვნებლივ აღსრულდებოდა…სისტემაში არის 10 400 პატიმარი და როგორ ფიქრობთ, რომ ყველა პატიმარს ათავისუფლებს მინისტრი? ამას აკეთებს იმ დაწესებულების ხელმძღვანელი სადაც იმყოფება გასათავისუფლებელი პატიმარი. მე აღვნიშნე, რომ ეს არის ზოგადი პროცედურა, თუმცა არ ნიშნავს, რომ გიგი უგულავა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. მათ დამისვეს კითხვა პროცედურასთან დაკავშირებით და ავუხსენი, რომ დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას თუ არის შესაბამისი საფუძვლები და არა მინისტრი”, – აღნიშნა კახიშვილმა.

რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას, რომ კახი კახიშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ პასუხისმგებლობა მე-9 დაწესებულების ხელმძღვანელს დააკისრა, მინისტრის თქმით, ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზაა.
“ესეც გარკვეული მანიპულაციის საგანია. როგორ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისრო სხვას იმ უწყებაში, სადაც ვარ პირველი პირი. მე ავხსენი პროცედურები როგორ ხდება პირის გათავისუფლება. კონკრეტულად, როდესაც მე, მთხოვდნენ რომ ახლავე შენ თვითონ გაათავისუფლე უგულავაო, მე ავუხსენი, რომ გადაწყვეტილება არ ჩამბარებია”, – განაცხადა მინისტრმა.
კახიშვილი ასევე გამოეხმაურა უგულავას მხრიდან ტელევიზორის შეძენის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას. მინისტრი განმარტავს, რომ ტელევიზორისა და სეთ თოფ ბოქსის ყიდვა თავად უგულავას მოთხოვნით მოხდა და ვერ იფიქრებდა, რომ ეს უკან მოუბრუნდებოდათ.
“რეალურად, როდესაც დააყენა ბატონმა გიგი უგულავამ საკითხი ტელევიზორის შესაძენასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ტელევიზორი არის ბრალდებულისთვის და მსჯავრდებულისთვის წახალისების ფორმა და ვინაიდან გიგი უგულავა არ არღვევდა წესრიგს, იცავდა სარეჟიმო მოთხოვნებს, ამ კონკრეტული დაწესებულების ხელმძღვანელმა დართო ნება მას ტელევიზორის ყიდვის. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ ეს შემდგომში უკან მოგვიბრუნებოდა. მე ასევე ვიცი, რომ მან დააყენა საკითხი და სურდა სეთ თოფ ბოქსის შეძენა, რომლითაც შესაძლებელია ქართული არხების ჩვენება. იყო ასევე მოთხოვნა მაღაზიის მენეჯერის მიმართ დირექტორის მხრიდან, რომ იქნებ შემოიტანონ ასეთი ტიპის მოწყობილობა, რომ გიგი უგულავამ შეიძინოს და უყუროს ქართულ არხებს”, – განაცხადა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოს მთავრობამ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის ბრწყინვალედ იმუშავა”
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავას სადღეგრძელო სოხუმში: “ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი აფხაზეთის დედაქალაქია”