“ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური მოტივით ჩადენილს”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომლებიც სავარაუდოდ, ლიბიაში ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობას ასახავს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 19 აპრილს ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებული კადრები შიშისა და ტერორის დანერგვას, ასევე რელიგიური შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად.

“საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის ჩადენილს ეთნიკური და რელიგიური მოტივით. მივიჩნევთ, რომ ზემოაღნიშნული ტერორისტული აქტი და „ISIL”-ის სხვა ქმედებები წარმოადგენს უდიდეს დანაშაულს მთელი კაცობრიობის წინაშე. ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ტერორისტული საფრთხის ზრდის გამო და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მეტად გააქტიურებს ძალისხმევას არსებული გამოწვევების დასაძლევად. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია დაჩქარდეს ლიბიის სახელმწიფოში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრა, რათა ლიბიამ შეძლოს კონცენტრირება ტერორიზმის საფრთხეზე და მოახდინოს მის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების განეიტრალება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ მთავრობებს”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ისლამურ ქვეყნებში 170 ქართველი წავიდა,”-მამუკა არეშიძე
შემდეგი სტატიაევროკავშირი საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს გამოყოფს