ვახტანგ კაპანაძე: საქართველოს ძალისხმევა არ დაუკლია, რომ მას ყველანაირად დავხმარებოდით

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველოს ძალისხმევა არ დაუკლია, რომ ავღანეთში დაჭრილ ჯარისკაცს რამაზ დავითაიას ყველანაირად დახმარებოდა.
როგორც კაპანაძემ განაცხადა, რამაზ დავითაია თავდაპირველად მკურნალობდა ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში გერმანიაში, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დახმარებით გადაიყვანეს კერძო კლინიკაში, ასევე გერმანიაში. მისი თქმით, ექიმების რჩევა იყო, რომ იგი ადაპტაციას სახლის პირობებში უკეთ გაივლიდა და შესაბამისად, გადმოვიყვანეთ საქართველოში, სადაც მისი სახლი შესაბამისი მოწყობილობებით იქნა ადაპტირებული.
კაპანაძის ინფორმაციით, არსებობდა პროექტი აშშ-ის საელჩოს დახმარებით, რომ დაჭრილი სამხედრო შეერთებულ შტატებში გადაეყვანათ სამკურნალოდ, თუმცა ეს ვერ მოესწრო.
“როცა ჩამოვიყვანეთ საქართველოში, ექიმების გადაწყვეტილება იყო მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რომ კვლავ ჰოსპიტალში გაეგრძელებინა მკურნალობა და რეაბილიტაცია. დამერწმუნეთ, თუკი რაიმე საუკეთესო იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში მედიცინის თვალსაზრისით, ყველაფერი იყო გამოყენებული ჩვენი მებრძოლის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. ის იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და სასწაულად ჩაითვალა, რომ ცალი ხელი აამოძრავა და კვლავ შეძლო ლაპარაკი. საქართველოს ძალისხმევა არ დაუკლია, რომ მას ყველანაირად დავხმარებოდით. როგორც მე ვიცი, იყო პროექტი, რომ კვლავ გადაგვეყვანა შეერთებულ შტატებში, ამერიკის საელჩო გვეხმარებოდა ამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
მან სამძიმარი გამოუცხადა, როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებს, ისევე სრულიად საქართველოს და აღნიშნა, რომ რამაზ დავითაიას ცხოვრება ნამდვილად იყო გმირობის კარგი გაკვეთილი ყველასთვის.
“ის თავის დროზე ებრძოდა მტრებს, მერე რეალობას, რომელშიც იმყოფებოდა. მე ის ვნახე ჯერ კიდევ გერმანიაში მკურნალობის დროს, ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ მისი ოპტიმიზმი იყო საოცარი”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
რამაზ დავითაიას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიკიევის შემოგარენში ცეცხლი ნავთობის რამდენიმე რეზერვუარს უკიდია
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საჯარო მოხელეებით ქვეყანა ისევე უნდა ამაყობდეს და იმედი ჰქონდეს, როგორც ჯარისკაცებით