ვახტანგ ბუცხრიკიძე: ეს არის სავალუტო შოკი და სავალუტო შოკი ცუდია საბანკო სექტორისთვის

ინდივიდუალური ანალიზის შესაბამისად, შევეცდებით, რომ გადახდის ახალი გრაფიკი არსებულ რეალობას მოვარგოთ. ამის შესახებ “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და კომერციული ბანკების წარმომადგნელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ძირითადად რამდენიმე თემას შევეხეთ. ეს ეხებოდა ფიზიკურ პირებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხები აქვთ უცხოურ ვალუტაში და შემოსავლები კი – ლარში. კარგია ის, რომ სამომხმარებლო სესხების უმეტესი ნაწილი არის ლარებში. ძირითადად საუბარია სამომხმარებლო სეხების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომლებიც არის უცხოურ ვალუტაში და ძირითადად ეს შეეხება იპოთეკურ სესხებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაშია და ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი ადგილობრივ ვალუტაში აქვთ. შევთანხმდით, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ინდივიუდუალურად თითოეული მსესხებლის მიხედვით კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ თითოეული ასეთი ფიზიკური პირის შემოსავალს და თითოეული ასეთი ინდივიდუალური ანალიზის შესაბამისად, შევეცდებით გავითვალისწინოთ რეალობა და გადახდის ახალი გრაფიკი არსებულ რეალობას მოვარგოთ”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისი თქმით, კონკრეტული შემთხვევების ინდივიდუალური ანალიზი მოხდება.

“შევეცდებით, რომ თუ ადამიანი იხდიდა განსაზღვრულ რაოდენობას ყოველთვიურად, რამდენად შესაძლებელია, რომ ის გრაფიკი აღუდგეს. უნდა გავიაზროთ თითოეული მსესხებლის მიხედვით, რამდენად შეიძლება გრაფიკის დაგრძელება, რომ ადამიანს დაახლოებით, იმ ფარგლებში დარჩეს ყოველთვიური გადახდები, რაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე საუბარი არ ყოფილა.

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ ეს არის სავალუტო შოკი და სავალუტო შოკი ცუდია საბანკი სექტორისთვის, მაგრამ საბანკო სექტორი შეეცდება, რომ მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს აქედან”, – აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

კითხვაზე – რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, ბუცხრიკიძის თქმით, მთავრობამ , ბიზნესმა, ბანკებმა 2015 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ერთობლივად უნდა იმუშავონ.
“ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მაქსიმალურად ერთობლივი მუშაობით შევძლოთ, რომ მეტი ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში, მეტი ფული დაიხარჯოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ცალკე მთავრობამ, ცალკე ბიზნესმა და ცალკე ბანკებმა ხელი უნდა შეუწყონ იმას, რომ მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებას, რომ სპეკულაციური ვაჭრობის ნიშნებია ბაზარზე, რაც გამოწვეულია მოლოდინებით, ბუცხრიკიძის თქმით, მოლოდინები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ინდივიდების ქცევას.
“ჩემი პირადი აზრია, რომ 30%-იანი დევალვაცია, რაც ლარმა განიცდა, არის ის, რომ რაღაც ზღვრაზე მივიდა და ალბათ, ეს არის ზღვარი რომლიდანაც უკვე საპირისპირო რეაქცია უნდა მიეცეს. ძნელია, ამას ზუსტად ვერავინ ვერ განსაზღვრავს, თუმცა ჩემი პირადი მოლოდინია, რომ მოკლე პერიოდის განმავლობაში რეაქციები უნდა იყოს”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია ქართული ენის სწავლების საკითხთან დაკავშირებით რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმიანება
შემდეგი სტატიაბიზნეს კომპანიები ფასების შენარჩუნებას ცდილობენ